ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანია MTA-მ, 2023 წლის საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იტალიურ კომპანია TechnoAlpin-თან 90.5-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეს ფასი 9.4 მილიონი ლარით ნაკლებია იმ ფასზე, რაც კომპანიის წინა შეთავაზებას - 99.9 მილიონ ლარს წარმოადგენდა. შესყიდვაზე წინადადებების მიღება მარტში გამოცხადდა და მაშინ პროექტის სავარაუდო ფასი 137.8 მილიონი ლარი იყო.
საგულისხმოა ფაქტი, რომ ამ შესყიდვასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნა ჰქონდა LEITHER HTI ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ კომპანია DemacLenko-ს, რომელმაც მაისში გაავრცელა განცხადება, რომ ეს ტენდერი, სავარაუდოდ, სწორედ TechnoAlpin-ზე იყო მორგებული.
2023 წლის თებერვალში ბაკურიანმა სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს მთავრობა ადგგილზე მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს, რისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ხელოვნური გათოვლიანებაა. გათოვლიანების პროექტისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია MTA-მ აპრილში 137,828,652 ლარის ღირებულების სავარაუდო ფასით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც საკუთარი წინადადებები ორმა საერთაშორისო კომპანიამ „TechnoAlpin“-მა და „DemacLenko“-მ წარადგინეს. "TechnoAlpin”-ის შეთავაზება იყო 137,798,395 ლარი, „DemacLenko”-ს კი 91,939,038 ლარი ანუ წარდგენილ წინადადებებს შორის სხვაობა 45,859,357 ლარი იყო.
17 მაისს MTA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროექტი 99,900,000 ლარი დაჯდებოდა. უწყებამ ტენდერში გამარჯვებულად TechnoAlpin-ი დაასახელა.
20 მაისს კი საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა კომპანია Demaclenko-მ რომელიც LEITHER HTI ჯგუფის წევრია და მიუთითა, რომ ტენდერში არსებული სავარაუდო დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიემართა. Demaclenko აღნიშნავდა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კორუფციული რისკებით წარიმართა, რადგანაც სატენდერო პირობები ერთ მიმწოდებელზე იყო მორგებული. ამასთანავე, კომპანიამ მზაობა გამოთქვა კიდევ უფრო მეტად - 2 მილიონი ლარით შეემცირებინა საკუთარი წინადადება და პროექტი 90 მილიონ ლარად განეხორციელებინა.
საბოლოოდ შესყიდვების სააგენტომ TechnoAlpin-თან კონტრაქტზე ნებართვა 10 ივნისს გასცა, რაც მაშინ 99.9 მილიონ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი, კომპანიასთან კონტრაქტი 90.5 მილიონ ლარზე გაფორმდა.