მილიარდ ლარს ხარჯავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყანაში ტურისტული ლოკაციების განახლებაში. აღნიშნული ინიციატივა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს გააჟღერა.
პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე აცხადებს, რომ 11-დან 10 ლოკაციაზე კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, დარჩენილია მხოლოდ ბაკურიანის განახლება პროექტი, რომელზეც 135 მილიონი ლარის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
“ტურისტული კუთხით გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები, სადაც 11 ლოკაცია შეირჩა. პრემიერ მინისტრის ინიციატივით ხორციელდება ეს პროექტი. დაახლოებით 1 მილიარდი ლარი არის პროგრამის ღირებულება. 11 ყველაზე ტურისტულ მიმართულებას მოიცავს, საიდანაც 10 მიმართულება უკვე დაკონტრაქტებულია და აქტიური სამუშაოები ძირითადად ყველგან მიმდინარეობს, ხოლო ბაკურიანის წრიულზე ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს და ბაკურიანიც მნიშვნელოვნად გალამაზდება და მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის კურორტს ვიდრე დღეს გვაქვს.
ბაკურიანის ტენდერის ღირებულება იქნება 135 მილიონი ლარი, ეს იქნება წრიული მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც ახალი ობიექტები გაჩნდება. იქნება სავარაუდოდ მიწისქვეშა პარკინგიც. დეტალებზე ჯერ ბოლომდე ვერ ვისაუბრებ იმიტომ რომ ეს იქნება პროექტირების ნაწილი, რომელიც მომზადდება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით.”-ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე.