ბაკურიანს 2 დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო, Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელმა, ირაკლი გოგუაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
ირაკლი გოგუაძის განცხადებით, გუშინ დიდთოვლობა დაიწყო, ხოლო დღეს ტემპერატურის -6 გრადუსამდე ვარდნაა მოსალოდნელი, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. მისივე ცნობით, თუ მთელი ღამე გათბობის აპარატები ჩართული არ იქნება, სავარაუდოა, რომ აპარატები გაფუჭდეს და მილები გასკდეს.
საქმე ისაა, რომ ბაკურიანში ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხანია კურორტის გამოწვევაა. კლიმატური პირობების გაუარესებამ კი აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო გაართულა და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება განაპირობა.
"თუ მთელი ღამე გათბობის სისტემა ჩართული არ იქნება, დიდი რისკია, რომ გათბობის მილები და აპარატები დაზიანდეს. ამიტომ, რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ "ენერგო პრო ჯორჯია" ელექტროენერგიას ვერ გვაწვდის.
ვერ ვიტყვი, რომ არ მუშაობენ მაგრამ ამ მუშაობის შედეგს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ხოლმე. იმიტომ, რომ ამ წუთასაც ბაკურიანში, კოხტა გორის მიმართულებით დენის მიწოდება არ არის. გუშინ ცენტრალურ ბაკურიანს ჰქონდა ამის პრობლემა",- ამბობს გოგუაძე.
მისივე პროგნოზით, თუ კომპანია პრობლემას ვერ გამოასწორებს და ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგება, სეზონზე როდესაც მუშაობა აქტიურ ფაზაში შევა, კურორტი ძალიან დიდ დანაკარგს მიიღებს როგორც მომხმარებლის, ისე შემოსავლის კუთხით.