ბაკურიანში 19-20 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება - ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამში, კურორტს მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის - ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ., 200-მდე სპორტსმენი ეწვევა. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები - სლოუფსთაილის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ბაკურიანი მზადაა პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში ევროპის, ხოლო სლოუფსთაილში მსოფლიო თასის ეტაპების ღირსეულად მასპინძლობისთვის. ამის შესახებ მან საერთაშორისო შეჯიბრების წინ ბაკურიანის ჩასვლისას განაცხადა, სადაც მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
„ბაკურიანში სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპისა და მსოფლიო თასს ჩვენს კურორტზე. ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასება იმ სამზადისისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში გასწია - მოვაწყვეთ ახალი სასრიალო ტრასები, ახალი საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების შეფასებით, საქართველომ ძალიან ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ევროპისა და მსოფლიო თასებისთვის ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას გულისხმობს.