გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ბალდის კანიონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ 12-კაციან კომისიაში შედიან სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები, ასევე, ველზე მომუშავე კავშირ „კამპესეტერის“ და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები, ექსპერტები. კომისიის საქმიანობაში ჩართვა ბალდის კანიონის საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც შეუძლიათ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bm.ge დაუკავშირდა ბალდის კანიონთან მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორებს, რომელიც ამბობენ, რომ შეხვედრის შესახებ არაფერ იცოდნენ, შესაბამისად ვერ იქნებიან პროცესში ჩართული.
სამინისტრო კი გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლები დროებითი კომისიის მუშაობის მანდატის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღინიშნა, რომ, უახლოეს პერიოდში, გასვლითი ღონისძიება გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.