კუნძულ ბალიზე ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად ახალი სასტუმროების აშენება იკრძალება - ამის შესახებ Euronews წერს.
საერთაშორისო ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა ლოკალურ ინფრასტრუქტურასა და გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. არსებობს რისკი, რომ ჭარბი ტურიზმის მართვა სამომავლოდ კიდევ უფრო გართულდება - სწორედ ამიტომ, ინდონეზიის ხელისუფლებამ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში ახალი სასტუმროების მშენებლობა დროებით აკრძალა.
მიღებული ზომებით მთავრობა იმედოვნებს, რომ კუნძულზე ჭარბი დეველოპმენტი შემცირდება, რაც ადგილობრივ სერვისებზე დატვირთვას შეამცირებს.
პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ბალიზე ტურიზმმა პანდემიამდელ ნიშნულებს მალევე მიაღწია. მხოლოდ 2024 წლის I ნახევარში, ბალის აეროპორტს 2.9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია.
დაწესებული შეზღუდვა ბალის ზოგიერთ ზონაში სასტუმროების, ვილებისა და ღამის კლუბების მშენებლობას კრძალავს. ხელისუფლებას შეზღუდვის მოქმედების ვადა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ახსენეს, რომ შესაძლოა, ათ წლის ვადითაც გაგრძელდეს.
2019-დან 2023 წლამდე ბალიზე არსებული სასტუმროების რაოდენობა 507-დან 541-მდე გაიზარდა.
ბალიზე ტურისტული მოსაკრებელი, რომელიც ინდონეზიამ თებერვალში დააწესა, 150 000 რუპიას აღწევს, რაც €8.15-ია. ვიზიტორები ამ თანხას ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებისთვის იხდიან. მიუხედავად გაზრდილი გადასახადისა, ინდონეზიის ტურიზმის მინისტრი აცხადებს, რომ 10%-იანი ზრდა კუნძულს "ჭარბ ტურიზმამდე" მიიყვანს. მისი თქმით, მთავრობამ ბარსელონას სიტუაცია თავიდან უნდა აირიდოს, რადგან ესპანეთში ტურისტები "საზოგადოებრივ მტრებად" აღიქმებიან.