მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალნეოლოგია, სათხილამურო კურორტი - როგორ ხედავს "ჰაერის" დამფუძნებელი კურორტ უწერას განვითარების პერსპექტივას?

უწერა

კურორტ უწერას ტურისტული თვალსაზრისით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად კომპლექსური მიდგომა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო - უწერაში ტურისტული ობიექტი "ჰაერის" დამფუძნებელმა, გენო თაყაძემ BM.GE-სთან საუბრისას კურორტის განვითარების სამი მთავარი მიმართულება გამოყო, რაც რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და სეზონურობის პრობლემას ნაწილობრივ მაინც გადაჭრის.

დამფუძნებლის განმარტებით, პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კურორტის ბალნეოლოგიური პროფილია, რომელიც დღეს სათანადოდ არ არის ათვისებული.

"კურორტ უწერას განვითარებისთვის სამი მთავარი ფაქტორი არსებობს. პირველი ბალნეოლოგიური მიმართულებაა – მინერალური, სამკურნალო წყლები, რომლებზეც შესაძლებელია დიდი აქცენტის გაკეთება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მეოცე საუკუნის შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა. მინერალური წყლები ხელმისაწვდომია, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა დღეს აბსოლუტურად შეუსაბამოა", - აცხადებს გენო თაყაძე.

მეორე მიმართულებად ის რეგიონში ზამთრის აქტივობების ხელშეწყობას და სათხილამურო ინფრასტრუქტურის შექმნას მიიჩნევს, რაც როგორც ზემო, ისე ქვემო რაჭას ოთხსეზონიან კურორტად აქცევს: "მეორე ფაქტორი ზოგადად მთის კურორტის განვითარებაა. რეგიონის რომელიმე წერტილში სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობით მთელი ზემო და ქვემო რაჭა ისარგებლებს. ეს შეცვლის სეზონურობას და ადგილზე აქტივობას მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს".

ამასთან, უშუალოდ სოფელ უწერისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცეების არარსებობა. "ჰაერი უწერას" დამფუძნებლის თქმით, ცენტრალური პარკის მოწყობა გადამწყვეტია კურორტის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

"უშუალოდ უწერისთვის, ბალნეოლოგიური პოტენციალის გარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი პარკის არსებობა, სადაც ადამიანები შეკრებას შეძლებენ. ეს უნდა იყოს სივრცე ატრაქციონებით, ბავშვების გასასეირნებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით, რაც დღეს ფიზიკურად არ გვაქვს. ამის გამო უწერა მკვეთრად ჩამორჩება სხვა კურორტებს, როგორიცაა, მაგალითად, საირმე თუ ბორჯომი. პარკის მოსაწყობად ლოკაციები არსებობს, თუმცა ამისთვის მზაობა არ არის. აქ ჩამოსულ ტურისტს უწევს თავად დაგეგმოს გასეირნება ცენტრალურ გზაზე ან ტყეში, ნაცვლად იმისა, რომ მოწესრიგებული შეკრების ადგილი ჰქონდეს. ეს გადამწყვეტია როგორც ჩამოსული ტურისტისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - განმარტავს ბიზნესის წარმომადგენელი.

სწორედ ამ რეგიონული და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ფონზე უწევთ ადგილობრივ მცირე ობიექტებს ოპერირება. გენო თაყაძის თქმით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე მათი კოტეჯის დატვირთვა დაახლოებით 50%-ს შეადგენს, თუმცა დინამიკა მზარდია. მისივე განმარტებით, ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითად მოქმედებს არასწორი ამინდის პროგნოზებიც.

"პირველი პრობლემა, რომლის წინაშეც დავდექით და რის გამოც უფრო მეტი სტუმრის მოლოდინი გვქონდა, ამინდის პროგნოზია. გაზაფხულიდან მოყოლებული, სინოპტიკური პროგნოზი შეცდომით სულ წვიმებს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ნალექიანი პერიოდები მართლაც იყო, ხშირად პროგნოზი მთელი კვირა წვიმას აჩვენებს, რეალურად კი შესაძლოა მხოლოდ ერთი დღე იწვიმოს, ან უბრალოდ მოღრუბლულობა იყოს. ეს გარკვეულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან მომავალ ტურისტს, რომელიც მოგზაურობას წინასწარ, პროგნოზზე დაყრდნობით გეგმავს. გარდა ამისა, მთის მდინარეები, რომლებსაც ტურისტები გასაგრილებლად იყენებენ, ჯერ კიდევ არ არის სათანადო კონდიციაში", - აცხადებს იგი.

კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები პირდაპირ აისახება ბიზნესის მუშაობის ხანგრძლივობაზეც. წყლის მიწოდების სისტემური გაუმართაობის გამო, კოტეჯი ზამთარში ფუნქციონირებას საერთოდ აჩერებს.

"ზაფხულის პერიოდში ხელი არ გვეშლება იმაში, რომ გაზიფიცირება და გამრიცხველიანება ჯერ დასრულებული არ არის. წყლის მიწოდება ამ ეტაპზე მოწესრიგებულია, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეს პრობლემა მწვავდება და გვიწევს ფუნქციონირების შეჩერება. ზამთარში წყლის სისტემები არასწორად არის დაგეგმარებული, რის გამოც უკვე მესამე წელია, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, ზამთრის სეზონზე ვიკეტებით. წყლის რეზერვუარებით ლოკალური უზრუნველყოფა პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. შესაბამისი უწყებები ყოველწლიურად მუშაობენ, თუმცა უშუალოდ უწერაში მთლიანი სისტემის საინჟინრო გადაწყვეტაა საჭირო, რათა მან ზამთარში გამართულად მუშაობა შეძლოს", - აღნიშნავს გენო თაყაძე.

"ჰაერი" 2021 წელს, დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, რაც 200 000 ლარს შეადგენდა. განთავსების ობიექტი 3 კოტეჯს აერთიანებს, სადაც ჯამურად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები