მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

კესანე

რაჭაში წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი გვიან დაიწყო, თუმცა ივლისსა და აგვისტოში ვიზიტორების აქტივობამ წინა წლების მაჩვენებლებს გადააჭარბა - ამის შესახებ BMG-სთან რაჭაში მდებარე რესტორნის, "კესანე - არ დამივიწყოს" დამფუძნებელმა, გვანცა ყრუაშვილმა სეზონის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზაფხულზე და ივნისის თვეში, უამინდობისა და სხვა ფაქტორების გამო, რეგიონში ტურისტული ნაკადები დაბალი იყო, რის გამოც სეზონის პიკმა მოგვიანებით გადაიწია.

"აქტივობის თვალსაზრისით წლევანდელი ზაფხული ბევრად უფრო აქტიური აღმოჩნდა, ვიდრე წინა წლებში, თუმცა სეზონი მოგვიანებით დაიწყო. გაზაფხული და ივნისი რეგიონისთვის ნაკლებად დატვირთული იყო, თუმცა ივლისიდან ნაკადები მკვეთრად გაიზარდა. კონკრეტულად ჩვენი სივრცის შემთხვევაში, ივლისისა და აგვისტოს აქტივობამ წინა წლების მაჩვენებლებს გადააჭარბა", - აღნიშნავს გვანცა ყრუაშვილი.

როგორც ის განმარტავს, დამსვენებლების ერთ კონკრეტულ თვეში - ძირითადად აგვისტოში - თავმოყრა მასპინძლობის სექტორისთვის სერიოზულ სირთულეებს ქმნის, რადგან ობიექტების გამტარუნარიანობა და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

"ერთი მხრივ, კარგია, რომ წელს გაცილებით მეტი სტუმარი გვყავდა, მაგრამ მოკლე დროში დიდ ნაკადთან გამკლავება რთულია. ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო უამრავ მსურველს ფიზიკურად ვერ ვუმასპინძლეთ.

ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის ბევრად უკეთესია, დატვირთვა გადანაწილებული იყოს თუნდაც 6 თვეზე და ნაკადები დარეგულირდეს, ვიდრე მხოლოდ ერთ თვეში გვქონდეს ზედმეტი გადატვირთვა, სხვა თვეებში კი - მკვეთრი კლება", - აცხადებს ყრუაშვილი.

როგორც ყრუაშვილი აღნიშნავს, ტრადიციულად, რაჭაში აგვისტოს ბოლოდან ტურისტული აქტივობა მკვეთრად ეცემა, თუმცა, მეწარმის თქმით, წელს სექტემბერში გარკვეული ნაკადების შენარჩუნება მაინც მოხერხდა.

"დიდი ინტერესით ვუყურებთ, როგორი იქნება შემოდგომა, იმიტომ რომ ძალიან არასტანდარტული სეზონი იყო და გვაინტერესებს, ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ როგორ გაგრძელდება - შენარჩუნდება ეს ზრდის ტენდენცია და შემოდგომაზეც ეყოლება რეგიონს ნაკადი, თუ ვერ მოხერხდება შენარჩუნება", - ამბობს გვანცა ყრუაშვილი.

ამასთან, რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ჯერ კიდევ აუთვისებელია შემოდგომის, განსაკუთრებით კი რთველის პერიოდის ტურისტული პოტენციალი:

"განსხვავებით კახეთისგან, სადაც შემოდგომის სეზონი მრავალფეროვანი აქტივობებითა და რთველის ტურისტული რიტუალებით არის დატვირთული, ჩვენს რეგიონში, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. რთველის პერიოდში ტურისტების მისაზიდად სპეციალური აქტივობების დეფიციტია.

არადა, რაჭას ამის უდიდესი რესურსი აქვს: გვყავს გამორჩეული მეღვინეები, გვაქვს ვენახები და შემოდგომის ულამაზესი ბუნება. სარესტორნო და განთავსების სივრცეებს ნამდვილად შეგვიძლია სექტემბერსა და ოქტომბერს მეტი დატვირთვა მივანიჭოთ, თუმცა ამას ბიზნესის მხრიდან დიდი რესურსი სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნაც შესაბამისი იყოს", - ამბობს გვანცა ყრუაშვილი.

ცნობისთვის, რაჭაში, სოფელ ხოტევში სტუმარმასპინძლობის მულტიფუნქციური სივრცე "კესანე - არ დამივიწყო" 2023 წლის 1 ივლისიდან გაიხსნა და ის მომხმარებელს ავთენტურ კერძებსა და ადგილობრივი მეწარმეების ღვინოს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები