მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბალნეოლოგიური კურორტები არ რეკლამდება... - ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება“ - თბილისის ბალნეოლოგიური

თბილისის ბალნეოლოგიური

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს, როგორც ბალნეო ტურისტული ცენტრის პოტენციალზე და საერთაშორისო მასშტაბით ამ მიმართულების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს. სალომე ყვავილაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სამედიცინო და გამაჯანსაღებელ ტურიზმს საქართველოსთვის დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია, თუმცა საქართველოს ამ მხრივ არ იცნობენ და ბიზნესს ნამდვილად სჭირდება ამ მხრივ სახელმწიფოს დახმარება.

„აუცილებლად სჭირდება ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ნამდვილად არ გვიცნობენ. უკვე ერთი წელია ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა კურორტების განვითარების სააგენტოსთან, ძალიან გვეხმარება, დაიწყო ამ მიმართულების დაბუსტვა, თუმცა ჩვენ გვჭირდება ტურიზმის ადმინისტრაცია რომ დაგვეხმაროს ამ მიმართულებით, რადგან ეს არის დარგი, რომელსაც ფინანსური რესურსის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ერთადერთი შანსი არის, რომ საქართველომ მიიღოს სარგებელი და ეს არის სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი.

ბალნეოლოგიური კურორტები არ რეკლამდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენს მაგალითზე ვიტყვი, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე მაქვს საუბარი. ჩვენ თუ ვარეკლამებთ, მხოლოდ ჩვენი რესურსით და ჩვენი შესაძლებლობით. მერწმუნეთ საკმაოდ რთულია, ამაში სახელმწიფომ უნდა ჩადოს რესურსი. მსგავს კურორტებზე, ბუდაპეშტში, გერმანიაში ტურისტების 95% ჩადის ზუსტად იმ უნიკალური პროცედურების მისაღებად, რაც ჩვენც გვაქვს. ეს არის მინერალური წყლის პროცედურები, ვულკანური წარმოშობის ტალახის აპლიკაციები და ა.შ მსოფლიო გადავიდა ბალნეო მკურნალობაზე, ამიტომ ნამდვილად გვჭირდება აქტივობა ამ მიმართულებით“,-აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.

მისი თქმით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მომხმარებლების 85-90% საქართველოს მოქალაქეა, დაახლოებით 10-15% კი ტურისტი. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან სტუმრობენ.

ამ დროისთვის, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე დაბალი კლასის სასტუმრო ფუნქციონირებს, თუმცა როგორც კურორტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, წელიწად-ნახევარში ადგილზე 4-ვარსკვლავიანი, 140 ნომრიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. სასტუმრო ბრენდი და ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები