მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის დაკრედიტება დღესაც პრობლემაა - მიხეილ ჭელიძე

ჭელიძე

ბიზნესის ინფორმაციით, სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ახალი კრედიტების გაცემა დღემდე შეფერხებულია. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო წლებში ბაზარი სასტუმროებით გაჯერდა, რის გამოც საბანკო სექტორი სასტუმრო ბიზნესს რისკიანად აფასებს, რაც ართულებს სასტუმრო ბიზნესში საბანკო დაფინანსების მოზიდვას.

“ტურიზმის დაკრედიტება ზოგადად პრობლემაა, მით უმეტეს ბოლო წლებში. ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა თბილისში და ბანკებმაც შეაჩერეს [დაკრედიტება]. ზოგადად, მშენებლობაში შეაჩერეს, დეველოპმენტში და მათ შორის სასტუმრო ბიზნესშიც, რომ რაღაცნაირად მიწოდება დაბალანსდეს და კოლაფსი არ შეიქმნას.

[სიტუაცია] დღესაც იგივეა და ტრენდი უფრო ცუდისკენ მიდის ამ ნაწილში, თუ შეიძლება ცუდი დავარქვათ. როცა მიწოდება იზრდება, ეროვნული ბანკის პოლიტიკაა, რომ მოთხოვნა-მიწოდება დაარეგულიროს დაკრედიტებით. სექტორს [ბანკები] აკრედიტებენ, უბრალოდ, უფრო დაბალი [ტემპით]. ბუსტი აღარ არის.

დავუშვათ, თუ სასტუმრო შეფასებულია 2 მილიონად, შეიძლება მოგცენ დაკრედიტების ნაწილში 1 მილიონი. დანარჩენი უკვე თანადაფინანსებას ითხოვენ, რომ, ბიზნესმაც გარისკოს და მარტო ბანკის ფული არ მოხვდეს რისკის ქვეშ. ბანკები სასტუმრო ბიზნეს რისკიანად უყურებენ, რადგან ერთია პროექტის აშენება და მეორე მისი მართვა, რომ სტაბილურობა უზრუნველყო..”, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

სების სტატისტიკით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე სულ 2.78 მილიარდი ლარის სესხები იყო გაცემული, რაც წლიურად 15%-ით, ანუ 494 მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს კი მაშინ, როდესაც მთლიანად ბიზნეს სექტორის დაკრედიტება 12%-ით არის გაზრდილი, ეს კი ნიშნავს, რომ ბანკები სასტუმროების პროექტების ნაცვლად უფრო მეტად სხვა სექტორების დაფინანსებაზე არიან ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები