ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სკოლის მახლობლად სასწავლო სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ უცხოური მედია ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს.
გარდაცვლილთა შორისაა შვიდი მცირეწლოვანი.
თვითმფრინავი ჰაზრატ შაჰჯალალის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, Milestone School and College-ის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. როგორც ბანგლადეშის შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და კიდევ გარკვეულ დროს წაიღებს; არის შანსი, რომ ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. დაშავებულები კი ოთხ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.
ჩინური წარმოების F-7 BGI ერთადგილიანმა ხომალდმა "მექანიკური გაუმართაობის" გამო კატასტროფა აფრენიდან მალევე განიცადა. ოფიციალური უწყების ცნობით, პილოტმა მაქსიმალურად სცადა, ხომალდი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიისთვის მოერიდებინა, თუმცა - წარუმატებლად. შემთხვევის შედეგად პილოტიც გარდაიცვალა.
შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფრენა რეგულარული საწვრთნელი მისიის ნაწილი იყო და თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობაზე წინასწარი ინფორმაცია მათ არ ჰქონიათ.
როგორც ცნობილია, სკოლაში, რომელშიც 4000 მოსწავლე ირიცხება, შემთხვევის დროს 1000-მდე მოსწავლე იმყოფებოდა. თვითმფრინავი კაფეტერიის გვერდით ჩამოვარდა.




























