სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად სულ 6 უძრავი ქონება გაასხვისა.
როგორც BMG-ის მიერ ქონების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მათი ნაწილი თბილისშია, ნაწილი კი - სხვა ქალაქებში.
1 ლარად გადაცემულ 6 ქონებას შორის ყველაზე ძვირიანი იყო თბილისში, ჭავჭავაძეზე „ბანკი ქართუსთვის“ გადაცემული უძრავი ქონება. როგორც ქონების სააგენტო განმარტავს, ეს უკავშირდება ე.წ. „ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეს“, რაზედაც სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, „ბანკ ქართუს“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რომელიც 9 მილიონ დოლარად შეფასდა.
სახელმწიფო ქონების სააგენტოში განმარტავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე 7 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების გადაცემის შედეგად, „ქართუმ“ (ს/ნ 204891652) სახელმწიფოსა და მისი ნებისმიერი უწყების მიმართ, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარი თქვა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
„აღნიშნული სისხლის სამართლის N089030713001 საქმე წარმოადგენს ე.წ. „ბანკი ქართუს გაკოტრების“ საქმეს, რომელზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენით (საქმე N1/2644-13) დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის შედეგად, ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების გამო დაზარალებულ სს „ბანკი ქართუს“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, მათ შორის, დანაშაულებრივად მოიხსნა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N7-ში მდებარე ფართებზე სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა. ამ განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი ზ. ადეიშვილი და ნ. მელია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 17.05.2022 წელს განაჩენით დადგენილი ფაქტების საფუძველზე სახელმწიფო ორგანოებს დაზარალებულ სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ დააკისრა 9 428 000 აშშ დოლარის ანაზღაურება (საქმე N3ბ/1508-22). სს „ბანკი ქართუს“ მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების (ღირებულება 7 195 835 ლარი, რაც 2 707 135 აშშ დოლარია) სანაცვლოდ მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ 9 428 000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე და სასამართლო წარმოებაზე უარის თქმა“, - მოგვწერეს ქონების სააგენტოდან.
გარდა ამისა, 2023 წელს 769 322 ლარად შეფასებული ქონება 1 ლარად გადასცა სახელმწიფომ შპს „გრანდ-ემ“-ს. ამ შემთხვევაშიც საქმე სახელმწიფოსთან დავას უკავშირდებოდა.
შარშან სიმბოლურ 1 ლარად „ენერგო პრო ჯორჯიას“ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა დაბა აბასთუმანსა და ჭიათურაში. კომპანიამ ადგილზე მაღალი ძაბვის სადგურები უნდა ააშენოს. გადაცემული ქონების საბაზრო ფასი 218 700 ლარია.
ქონების სააგენტოს ინფორმაციითვე, უცხოური საწარმოს ფილიალს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობას (ფილიალი) საქართველოში“ 2023 წელს, სოფელ იორმუღანლოსა და დაბა აბასთუმანში გადაეცა ქონება, რომელთა საბაზრო ფასი 378,520 ლარი იყო. კომპანიამ იორმუღანლოში 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის აშენების ვალდებულება აიღო, დაბა აბასთუმანში კი - მაღალი ძაბვის სადგურის.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 425 მილიონის ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა, მათ შორის განწილვადებით, ამიტომ შარშან მათი პრივატიზაციიდან სააგენტომ, ჯამში, 279,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, პრივატიზაციიდან შარშან ბიუჯეტში 203 მლნ ლარი შევიდა, როცა წლიური გეგმა 200 მლნ ლარი იყო ანუ წლიური გეგმა მცირედი გადაჭარბებით შესრულდა.