„მეტ-ნაკლებად პრობლემატურად იკვეთება საბანკო სექტორთან ურთიერთობა“- „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარე "რედაქტ2"-თან ინტერვიუში ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრისას ამბობს, რომ უცხოური კომპანიებისთვის, მათ შორის IT კომპანიებისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებია.
„კომპანიების რეგისტრაცია ნაკლებად პრობლემატურია უცხოელი კომპანიებისთვის. მეტ-ნაკლებად პრობლემატურად იკვეთება საბანკო სექტორთან ურთიერთობა, თუმცა ეს მხოლოდ IT ინდუსტრიასთან მიმართებით არ არის. ბიზნესის შეხვედრებზე იკვეთება, რომ ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა. დღეს ბანკს შეუძლია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე [უარის თქმა], მათ შიდა მოტივაცია ალბათ აქვთ, მაგრამ მარტივად ხდება უარის თქმა კომპანიისთვის ანგარიშის გახსნაზე.
არის ქვეყნები, რომელიც მეტად პრობლემატურია, დსთ-ს ქვეყნები განსაკუთრებით, თუმცა ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა ეს ყოფილა ევროპული იურისდიქციის რეზიდენტი პირები და მათაც ძალიან გაუგრძელდათ მინიჭება ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ ბიზნესი მეტად აქტიური უნდა იყოს და ალბათ ამ მიმართულებითაც დაიგეგმება შეხვედრები“,-განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში.
„საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 2023 წლის მდგომარეობით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ქვეყანაში 1204 კომპანიას აქვს მინიჭებული. გასული წლის 8 თვის მდგომარეობით, მათ ბიუჯეტში გადასახადების სახით 61,6 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს.