მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკების გავლენა სადაზღვევო ბაზარზე - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

გუშინ, კონკურენციის სააგენტომ კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა. მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის“ მიმართვისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის საფუძველზე გასული წლის ბოლოს დაიწყო. გაიცა 6 სავალდებულო წესით შესასრულებელი რეკომენდაციაც. ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად ფიქსირდება სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი. ამასთან, 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად სააგენტოს შეფასებით, სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე.

გარდა ამისა, კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, სააგენტო ამბობს, რომ შესაძლოა სახეზე იყოს ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მისთვის საუკეთესო არჩევანი.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვალდებული არიან მომხმარებელს შესთავაზონ სულ მცირე 3 სადაზღვევო კომპანია, თუმცა როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტის რეალიზაციის 70% შემთხვევებში, რეალიზაცია განხორციელდა იმ ბანკის თუ ბანკების შუამავლობით, რომელსაც გააჩნდა პირდაპირი ან ირიბი კავშირი სადაზღვევო კომპანიებთან. სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ ბანკს, საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც შერჩევის პროცესში კომერციულ ბანკს ექნება.

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან პრობლემა სწორად არის დანახული, თუმცა ახლა მთავარია ის რეკომენდაციები შესრულდეს, რაც ამ ანგარიშს ახლავს თან და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების პროცესი გახდეს მეტად გამჭვირვალე. რა ბერკეტები იქნება გამოყენებული ამისთვის, ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გადასაწყვეტია.

როგორ უყურებს პროცესებს სადაზღვევო ბაზრის მარეგულირებელი და რა შემდგომი მსვლელობა შეიძლება მიეცეს კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებს?

სტუმარი: დავით ონოფრიშვილი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები