საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება უახლოეს მომავალში შეეძლებათ - ამის შესახებ სებ-ის პრესრელიზში არის აღნიშნული, თუმცა მარეგულირებელი არ აკონკრეტებს როდის გახდება ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა ბაზარზე ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, პარლამენტის მიერ უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონის მიღებით გახდა შესაძლებელი. თუმცა მას ჯერჯერობით შესაბამისი ფასიანი ქაღალდის განთავსება ჯერ არ მომხდარა. ამ ობლიგაციების გამოშვებამდე სებ-მა უნდა დანიშნოს აუდიტორული ფირმა, რომელიც განახორციელებს კომერციული ბანკების მიერ ამ ობლიგაციების გამოშვებისთვის შერჩეული იპოთეკური სესხების მონიტორინგს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, სებ-მა ქვეყანაში მოქმედ წამყვან აუდიტორულ ფირმებთან გამართა შეხვედრა.
"შეხვედრა კომერციული იპოთეკით დაცული ობლიგაციების ემისიის პროცესში აუდიტორული ფირმების როლს დაეთმო. არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი ვალდებულია, დანიშნოს აუდიტორული ფირმა, რომელიც იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად გამოყენებული აქტივების მონიტორინგს განახორციელებს. კანონის თანახმად, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უნდა იყოს აუდიტორული ფირმა, რომელსაც საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია.
შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია კომერციული ბანკების მიერ იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით აუდიტორების ფუნქციებისა და როლის შესახებ. მსგავსი ხასიათის შეხვედრები ბაზრის მონაწილეთა (როგორც კომერციული ბანკების, ისე აუდიტორული ფირმების) მიერ კაპიტალის ბაზარზე ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესში ხელშემწყობი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე იპოთეკური ობლიგაციების დანერგვისათვის მზადების პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული, რის საფუძველზეც კომერციული ბანკები ქართულ ბაზარზე ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას უახლოეს მომავალში შეძლებენ", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 12.5 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. მათ ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - "იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების" შექმნა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა უჩნდებათ.




























