საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიქცეს. ამასთან, ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაცია 2%-ით, 49%-მდე გაიზარდა, რადგანაც მოქალაქეებმა და ბიზნესებმა 1 მილიარდი ლარის დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადააკონვერტირეს.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა არის ის ვალდებულება, რომელიც კომერციულმა ბანკმა ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე უნდა განათავსოს. ამჟამად, 1 წლამდე ლარით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 5%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები მერყეობს 10%-დან 20%-მდე, შესაბამისად ეს მოთხოვნა 15%-დან 25%-მდე გაიზრდება.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში დაცული თანხები სებ-ის მთლიანი სავალუტო რეზერვების ნაწილია, მართალია ეს რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, რადგანაც ის წარმოადგენს სებ-ის ვალდებულებას ბანკების მიმართ, თუმცა ის რეზერვების მთლიან ოდენობაზე მაინც ახდენს გავლენას.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ფარგლებში დაცულია 4.8 მილიარდი ლარი, ანუ 1.8 მილიარდი დოლარი. ამ მოთხოვნის 5%-ით ზრდის შემდეგ ის დაახლოებით 5.14 მილიარდ ლარამდე, ანუ 1.9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს.