Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ბანკებისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი დაახლოებით 60-80 მლნ ლარით გაიზრდება.
როგორც მან გადაცემაში „ანალიტიკა“ თქვა, მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორისთვის ეს არ იქნება მძიმე წნეხი. ამასთან, ეკონომისტის მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს კაპიტალის ის დონე შეინარჩუნოს, რაც წინა წლებში იყო.
„იცვლება მოგების გადასახადი. ფაქტობრივად 15% და 5% პროცენტის კომბინირება ხდება და გამოდის 20%. ამით ბიუჯეტის შემოსავლები უხეშად რომ ვთქვათ, შესაძლოა გაიზარდოს წლიურად დაახლოებით 60-80 მილიონი ლარის ფარგლებში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო სისტემა ერთ-ერთი წარმატებული და მომგებიანია, მისთვის წნეხი არ უნდა იყოს მძიმე. ბანკების მოტივაციაა, რომ წლიდან წლამდე გაზარდოს დივიდენდის მოცულობა. ამიტომაც ვფიქრობთ, ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არ ნიშნავს, რომ საბანკო სექტორზე იქნება ტვირთის ზრდა.
ბოლო წლებში შეინიშნება კაპიტალური ხარჯების მცირედი შენელება საშუალოვადიანი პერიოდისთვის და სავარაუდოდ, მთავრობა ეძებს რესურსებს, რათა შეინარჩუნოს კაპიტალის ის დონე, რაც წინა წლებში იყო. მშპ-სთან კაპიტალის წილის შენარჩუნება 7.5%-8%-ის ფარგლებში საშუალოვადიანი პერიოდისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.