მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ი 2025 წელს ლარის კურსს დოლართან მიმართებით 2.88 ლარის დონეზე პროგნოზირებს

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის საბაზო სცენარის თანახმად, წელს დოლარის საშუალო ღირებულება 2.88 ლარი იქნება - ამის შესახებ გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

ამასთან, ქავთარაძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ფაქტორებზე, ხოლო საბაზო სცენარი ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობის მაღალ დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს.

Galt & Taggart-ს მომზადებული აქვს პოზიტიური და ნეგატიური ეკონომიკური სცენარებიც, რომელთა განვითარებაც თავის მხრივ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება/გაუარესების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. პოლარიზაციის ზრდის და დაძაბულობის მატების შემთხვევაში Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2025 წელს ერთი დოლარის ღირებულება 3.1 ლარის ნიშნულს მიაღწევს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნდება, გაუმჯობესდება ინვესტორთა მოლოდინები და ლარი დოლართან მიმართებით 2.78 ლარის ნიშნულამდე გამყარდება.

ლარის გაცვლითი კურსი საბაზო სცენარის მიხედვით - 2.88 ლარი

"პროგნოზი რთულია მაგრამ გარკვეული დაშვება უნდა გავაკეთოთ, ეს დაშვება არის დოლარის ღირებულება 2.88 ლარი. იანვარში გარკვეულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა ამ არეალში, შესაბამისად ეს გვაქვს აღებული მთელი წლის სცენარად.

გაცვლითი კურსი გარკვეულწილად გაუფასურებული გამოდის მთელი წლის განმავლობაში შესაბამისად ზეწოლა ფასებზე მთელი წლის განმავლობაში აქედან მომდინარეობს.

ლარის გაცვლითი კურსის ყოველი 1%-ით გაუფასურება ფასების საერთო დონეს 0.2-დან 0.35-მდე პროცენტული პუნქტით ზრდის. ამის გათვალისწინებით და იმ ფაქტით რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ფასი გაზრდილია და არ ველოდებით რომ ფასების კლება იქნება. საბაზო პროგნოზით მოველით რომ წელს ინფლაცია იქნება 3.9%-ის ფარგლებში.

ეს ფაქტი სებ-ს არ მისცემს საშუალებას რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება მოახდინოს და ის საბაზისო პროგნოზში დარჩება 8%-ის მიმდებარედ,"- აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

ოპტიმისტური სცენარი - ლარი მყარდება, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს

"ოპტიმისტურ სცენარში ჩვენ ვუშვებთ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. ამ ყველა სცენარს ახლავს პოლიტიკური კომპონენტი და ოპტიმისტური სცენარი მოიცავს იმას რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი გაგრძელდება, რომელიც რა თქმა უნდა ბიზნესსა და სამომხმარებლო განწყობებზე პოზიტიურად აისახება.

ამ სცენარში ჩვენი პროგნოზით ეკონომიკა გაიზრდება 7%-ით, მოველით რომ გაცვლითი კურსის გამყარება მოხდება მიმდინარე დონიდან, თუმცა ვპროგნოზირებთ რომ მაინც 2024 წლის საშუალო კურსთან (2.72 ლართან) მიმართებით გაუფასურებული დარჩება. დაახლოებით 2.78-ის დონეზე.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით ინფლაცია არის 3%-ის მიმდებარედ და ამან სებ-ს უნდა მისცეს შესაძლებლობა რომ 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი,"- აღნიშნავს ქავთარაძე.

პესიმისტური სცენარი - დოლარის ღირებულება 3.1 ლარამდე იზრდება, სები ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას

"პესიმისტურ სცენარში ჩვენ დაშვება გვაქვს რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო ღრმავდება და ამის შედეგი იქნება საინვესტიციო აქტივობაზე ზეწოლა. სწორედ ამ აქტივობის კლებით იქნება განპირობებული ეკონომიკური ზრდის შენელება. ჩვენი პესიმისტური სცენარით 2024 წელს 2.4%-ის ფარგლებში არის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა. ვფიქრობთ რომ საინვესტიციო კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელიც კურსის დინამიკას ცვლის. კურსი კიდევ უფრო გაუფასურებული რჩება, პესიმისტურ სცენარში დოლარის კურსი გვაქვს 3.1 ლარამდე გაზრდილი. სწორედ ეს გაუფასურბეა კიდევ უფრო ამძაფრებს ზეწოლას ფასების დონეზე და საშუალო წლიურ ინფლაციას ჩვენ ვპროგნოზირებთ 5.7%-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კიდევ უფრო გაუარესებულია და სწორედ ეს არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.

ინფლაციის ზრდის გამო ეროვნულ ბანკს თავის მხრივ მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება და მისი 1.5 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდა.

რაც შეეხება ფისკალურ პარამეტრებს, ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ის ქვემოთ რჩება და ეს განპირობებული იქნება იმით რომ თუ ეს მოხდა, მთავრობა შეინარჩუნებს ფისკალურ დისციპლინას. შესაბამისად, მთავრობას გარკვეული ტიპის ხარჯების შემცირება მოუწევს ამ სცენარში.

პესიმისტურ სცენარში საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, ამის გამო კი ვფიქრობთ რომ მთავრობა ხარჯების გარკვეულ კატეგორიას დააკორექტირებს,"- ამბობს ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები