მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ სანქცირებულ პირებთან ნებისმიერი ურთიერთობა - რომან გოცირიძე

გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ 16 სექტემბერს დაწესებული სანქციები არის ყველაზე მკაცრი სანქციები მათ შორის, რომლებიც აქამდე საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ აშშ-ს აქამდე დაუწესებია. რომან გოცირიძე წერს, რომ კომერციულმა ბანკებმა უსწრაფესად უნდა დაიწყონ სანქციების მოთხოვნების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქციების რისკის ქვეშ მოექცევიან.

დღესვე საბანკო ასოციაციაში განაცხადეს, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს.

"სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, შსს-ს მაღალჩინოსნებსა და "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს, არის ყველაზე მძიმე და განსხვავებული იმ სანქციებისაგან, რაც დღემდე დაუწესებია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მოქალაქეებისადმი. ეს უფრო მძიმეა, ვიდრე ყოფილი გენერალური პროკურორისადმი დაწესებული სანქცია.

სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს დაუწესა, განეკუთვნება პერსონალური სანქციების კატეგორიას. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს, ქონებისა და ანგარიშების ბლოკირებას როგორც ფიზიკური პირის მიმართ, ასევე იმ იურიდიული პირების მიმართაც, რომლებშაც იგი ფლობს წილებს. ამერიკის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ მათთან რაიმე სახის საქმიანი კონტაქტების დამყარება. სავაჭრო აკრძალვები ვრცელდება სანქცირებული პირის მონაწილეობით არსებულ იმ კომპანიებზე, რომელშიდაც იგი ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს.

რაც შეეხება ოთხი პირისადმი გუშინ დაწესებულ სანქციებს: ის დააწესა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ (ანუ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა). ის არის როგორც ფინანსური და სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ხასიათის, ვინაიდან დასანქცირებული პირები შეყვანილი არიან გლობალური მაგნიტსკის სიაში.

საქართველოს ბანკები და სხვა საფინანსო დაწესებულებები, რომლებიც ამ პირებს მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში

ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება.

რა ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული ამ პირების მიმართ: პირველ რიგში უნდა შეაჩერონ მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები კომერციულმა ბანკებმა. პოლიციის მაღალჩინოსნებს ხელფასები ერიცხებათ "თიბისი ბანკში". ეს შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა ამ ბანკისათვის. გასაგებია, რომ უცხოური ვალუტით ოპერაციებს ვერ გაბედავენ ბანკები, მაგრამ ლარით ანგარიშსწორების განხორციელებაც შეიძლება ამ ბანკებთან დასავლური ბანკების მხრიდან ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

ერთ-ერთი პირი ფლობს დაცვის კომპანიაში 50%-იან წილს. ბანკებმა მისი ანგარიშებიც უნდა გაყინონ, სანამ არ მოხდება ამ წილის გასხვისება.

სხვა სანქცირებული პირებიც ფლობენ წილებს პირდაპირ თუ დაკავშირებული პირების მეშვეობით ბიზნესებში( "ალტ-ინფო" და სხვა). მათაც ანალოგიური შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.

"ალტ-ინფო", რომლის დამფუძნებლებიც (აფილირებული პირების მეშვეობით) იმყოფებიან სანქციების ქვეშ, ეწევა საკუთარი გადაცემების ეთერში განთავსებას "მაივიდეოს", "მაგთი ტივის" და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორი კომპანიების მეშვეობით. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მისი პროგრამების ტრანსლირება.

საქართველოს ხელისუფლებას მძიმე თავსატეხი გაუჩნდა. სათანადო რეაგირების მოუხდენლობის შემთხვევაში ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები