მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 16-22 სექტემბერი

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

გთავაზობთ 16-22 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა - ამერიკის ხმა

ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს - ამის შესახებ ამერიკის ხმის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ხდება ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს, ხოლო 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო სანქციები

16 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. აშშ-ის ხაზინა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაში, ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მოქალაქეთა დაშინებაში. აშშ-ის სანქციები ასევე შეეხოთ პრორუსული მოძრაობის “ალტ-ინფოს” ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს, რომლებიც 2021 და 2023 წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ შეკრებაში.

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციისა გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.

ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ - საბანკო ასოციაცია

17 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეთა სანქცირებას გამოეხმაურა საქართველოს საბანკო ასოციაცია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია და ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს.

საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - ეროვნული ბანკი

18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკი მიუთითებს იმ საგამონაკლისო წესზე, რომელიც სებ-მა 2023 წლის 19 სექტემბერს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღეში მიიღო და რომლითაც საგამონაკლისო რეჟიმი დააწესა ბანკების მიერ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე.

სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ბანკები იურიდიულ გაურკვევლობაში არ უნდა იყვნენ - IMF

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუელის განცხადებით. კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან მიმართებით იურიდიულ გაურკვევლობაში არ უნდა იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ჯუელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესს უკავშირდება.

„როგორც ადრეც გვითქვამს, ქვეყნის მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების შეფასება სსფ-ს მანდატს სცილდება. სსფ-ს თანამშრომლებს ქვეყნის ხელისუფლებისთვის საერთაშორისო სანქციების შესრულება/არ-შესრულებასთან დაკავშირებით რჩევის მიცემის უფლება არ აქვთ. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყნის მაკროეკონომიკაზე და საფინანსო სექტორის ვითარებაზე სანქციების შესრულება/არ-შესრულების გავლენის შეფასების უფლება გვაქვს; ასევე შეგვიძლია ქვეყანას ასეთი რისკების თავიდან არიდება ვურჩიოთ. ამ ფონზე, საფინანსო სექტორის სტაბილურობის დასაცავად, ბანკები არ უნდა იყვნენ გაურკვეველ სიტუაციაში თავისი იურიდიული და სანქციებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. მათ ზუსტად უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ თავისი ვალდებულებების შესრულების შედეგი მათ საქმიანობაზე,"- განაცხადა ენდრიუ ჯუელმა.

გასულ კვირაში ლარი გაუფასურდა

აშშ დოლართან მიმართებით ლარი გასულ კვირაში 3 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კურსის ვარდნამ 5 თეთრი შეადგინა, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან ლარი 8 თეთრით გაუფასურდა.

გაუფასურების მთავარი მიზეზი აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეთა სანქცირების შედეგად, გაუარესებული საბაზრო მოლოდინებია, რადგანაც ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა ექსპორტი და ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში მზარდია, შესაბამისად ამჟამად გაუფასურების წამყვანი ფაქტორი სწორედ გაუარესებული მოლოდინებია, რაც სანქციებს უკავშირდება.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, EU საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებას არ გამორიცხავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვითარების გაუარესების შემთხვევაში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას არ გამორიცხავს.

„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიაზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ იმ რეფორმების გატარების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით უკვე რამდენიმე თვის წინ, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, შორის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების ჩათვლით, განვითარებული მოვლენების საფუძველზე,"- განაცხადა დიპლომატმა.

EasyJet თბილისიდან ლონდონის, ჟენევის და მილანის მიმართულებით იფრენს

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის - პირდაპირ ფრენებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ელი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.

საქართველოს ავიაბაზარზე British Airways-ი შემოდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, British Airways-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. British Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლიდან შემოვა და მომდევნო წლის 30 მარტიდან, ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება და მას ახალი ასაფრენი ზოლი დაემატება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტს ახალი ასაფრენი ზოლი ექნება, ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების მიმართ ამ პროექტის განხორციელებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გადადგმა დაევალა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია გამოაცხადა 7.2 მილიონი ლარის შესყიდვა, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ასაფრენი ზოლის მშენებლობას უკავშირდება.

მთავრობამ ჯარის ქალაქის ასაშენებლად 144-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 144 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი თბილისში, მახათას მთაზე მდებარე 100,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის განაშენიანებისთვის. მთავრობამ მახათას მთაზე ჯარის ქალაქის განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 1,092 ოჯახისთვის გათვლილი, 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა.

ჯარის ქალაქის მეორე ფაზის ფარგლებშიც დაგეგმილია 7-სართულიანი 39 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ამასთანავე, წინა პროექტისგან განსხვავებით, ახლა სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორის შესარჩევად ღია ტენდერი გამოცხადდება, რადგანაც პირველი ფაზის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები თავდაცვის სამინისტრომ უტენდეროდ შეისყიდა და პროექტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანია "დელტა მშენებელმა" ააშენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები