"საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს,"- ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.
19 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. გომელაური სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. დღესვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.
19 დეკემბერსვე ფინანსური სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
აშშ-ის ხაზინის განმარტება, რას მოიცავს გლობალური მაგნიტსკის აქტის სანქციები:
"დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ზემოხსენებული [სანქცირებული პირების] ყოველი ქონება ან ქონებრივი ინტერესი, რომლებიც ან აშშ-შია, ან აშშ-ს პირების საკუთრებაში ან კონტროლქვეშაა, დაბლოკილია და ამაზე უნდა ეცნობოს OFAC-ს (Office of Foreign Assets Control). დამატებით, ყოველი სუბიექტი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, მის 50%-ს ან მეტს 1 ან მეტი [სანქცირებული] პირი ფლობს, ასევე დაიბლოკება.
დამატებით, ფინანსურმა ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ტრანზაქციებსა თუ მოქმედებებში სანქცირებულ ინდივიდებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს ან სააღსრულებო მოქმედებას. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი სახის დახმარებას ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიწოდებას სანქცირებული პირების სასარგებლოდ ან ნებისმიერი სახის დახმარების ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიღებას [სანქცირებული პირებისგან]". - წერია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, აშშ-ის ხაზინა ხაზს უსვამს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით იკრძალება ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქცირებული პირების მომსახურება.
ამასთან, საქართველოში ძალაშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 19 სექტემბრის საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც აწესებს საგამონაკლისო რეჟიმს და განსაზღვრავს რომ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ საერთაშორისო სანქციები ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ რაც ძალაში შევა ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული ბრძანება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მიიღო. ამასთან, ამ საგამონაკლისო წესის მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.