გთავაზობთ გასული კვირის - 16-22 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
აშშ-მა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასანქცირა
19 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. გომელაური ხაზინის სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. 19 დეკემბერსვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.
19 დეკემბერსვე ფინანსური სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
საბანკო სისტემა განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ის, EU-ს და ბრიტანეთის სანქციებს - საბანკო ასოციაციის განცხადება
"საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს,"- ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რაც აშშ-ის ხაზინის მიერ შს მინისტრის სანქცირებას და დიდი ბრიტანეთის მიერ შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას უკავშირდება.
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროექტი მოამზადა
20 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინიციატივა. ამ ინიციატივას კომისია ევროპული საბჭოს ლიდერების სხდომაზე დააყენებს დღის წესრიგში. ევროკომისიას აღნიშნული შეზღუდვის პროექტის მომზადების რეკომენდაციით ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის სხდომაზე მიმართეს.
FreeBusiness.ge-ის პლატფორმას 1,900 კომპანია შეუერთდა
პლატფორმა Freebusiness.ge-ის უკვე 1,900 კომპანია შეუერთდა, ხოლო ათასამდე კომპანიის განცხადების ვერიფიკაცია ამ დრომდე მიმდინარეობს და ისინიც დაემატებიან. ბიზნესის მთავარ მოთხოვნებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მოთხოვნების მხარდაჭერა ყველა ბიზნესს ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეუძლია. რეგისტრაციის შემდეგ სამუშაო ჯგუფი ახდენს ბიზნეს სუბიექტის ვერიფიცირებას და კომპანია მხარდამჭერი კომპანიების ჩამონათვალში ხვდება.
საქართველოს ექსპორტმა იანვარ-ნოემბერში $6 მილიარდ დოლარს მიაღწია
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში $6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, წელსაც საქართველოს საგარეო ვაჭრობაში #1 პოზიცია მსუბუქი ავტომობილებს უკავია $2.2 მილიარდი დოლარით, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. ექსპორტში მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $316 მილიონით, რაც წლიურად 113%-ით გაიზარდა და ამ სექტორში შედარებით გააქტიურებაზე მეტყველებს. მესამე ადგილს კი ღვინის ნაცვლად, სპირტიანი სასმელები იკავებს $270 მილიონი დოლარით, რაც ზოგადად ალკოჰოლური სასმელების სექტორში ღვინოზე მეტად სპირტიანი სასმელების შემოსავლიანობაზე მეტყველებს, $262 მილიონით კი მეოთხე პოზიცია ღვინის ექსპორტს უჭირავს.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
სებ-ის თანახმად, 2024 წელს ინფლაცია სამიზნე 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება და ის საშუალოდ 1.2%-მდე იქნება, აღნიშნულის გათვალისწინებით ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ამკაცრებს, თუმცა ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურ ბაზრებზე არსებობს სასურსათო ნედლეულის ფასების ზრდის ტენდენცია, რასაც თავისმხრივ საქართველოში ინფლაციურ მოლოდინებზე შესაძლოა ნეგატიური გავლენები ჰქონდეს.
საქართველოს საგარეო ვალი $190 მილიონით შემცირდა, თუმცა მიზეზი ევროს გაუფასურებაა
ფინანსთა სამინისტრომ 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ვალი 8.64 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ოქტომბერთან შედარებით $190 მილიონით ნაკლებია. თუმცა ამ კლების მთავარი მიზეზი არა სახელმწიფოს მიერ ვალების გასტუმრება, არამედ ევროს გაუფასურება იყო.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ევრო აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, თუკი 31 ოქტომბერს ერთი ევრო 1.0834 დოლარი ღირდა, 30 ნოემბერს ერთი ევროს ღირებულება 1.0559 დოლარს შეადგენდა, რაც 3%-იან გაუფასურებას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო ვალის 59% სწორედ ევროში არის ნომინირებული და მისი გაუფასურება საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შემცირებაზე ახდენს გავლენას.
ნოემბერში ფულადი გზავნილები 10%-ით, $267 მილიონამდე შემცირდა
2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირება, რაც მიგრაციული ეფექტის მილევასთან არის დაკავშირებული. სხვა ქვეყნებიდან კი სადაც საქართველოდან მიგრაციული ნაკადი მზარდია ფულადი გზავნილებიც იზრდება. ნოემბერში გზავნილებში #1 ადგილი აშშ-მა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.
მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარის გზავნილებით (ზრდა 4%), რუსეთმა კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა 30 მილიონის გზავნილებით. ფულად გზავნილებში ივლისიდან მოყოლებული #1 ადგილს სწორედ აშშ იკავებს.
საპენსიო სააგენტო მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა დატოვა, ფონდი კი მმართველობით საბჭოს დასაკომპლექტებლად 8 პირს ეძებს
საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ თანამდებობა დატოვა. ის საპენსიო სისტემის ამუშავების შემდეგ ფონდის აქტივების ინვესტირებით იყო დაკავებული. 2025 წლიდან კი ცვლილებებია სააგენტოს მენეჯმენტში, უწყების უმაღლესი ორგანო ხდება საპენსიო ფონდის საბჭო, რომლის წევრებსაც თანამდებობაზე პრემიერი ამტკიცებს. სწორედ ამ საბჭოს დასაკომპლექტებლად გამოცხადდა რვა ვაკანსია, რომელთა წლიური ხელფასებიც 190-250 ათასი ლარით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა სადავო ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს "საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა" უწოდა და "არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო". ამის შემდეგ კი კანონში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდა ძალაში.
Fitch-ი არ მოელის, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, რაც "ნეგატიურამდე" შემცირდა, შემდეგ მიმოხილვაში "პოზიტიურით" შეიცვლება
გადაცემა "ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში Fitch Rating-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი არვინდ რამაკრიშნანი აღნიშნავს რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, რაც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის დეკემბერში "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შემცირდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემდეგი მიმოხილვისთვის კვლავ "პოზიტიურ" მოლოდინზე დაბრუნდება.
არვინდ რამაკრიშნანი აღნიშნავს, რომ რეიტინგის მოლოდინის შემცირების მთავარი მდგენელი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა.
კონკურენციის სააგენტომ Royal Swinkels-ს გლობალ ბიერ ჯორჯიასთან $63 მილიონიანი გარიგების განხორციელების უფლება მისცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ევროკავშირში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. საუბარია Royal Swinkels-ის და "საქართველოს კაპიტალის" (GCAP) გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნიდერლანდური კომპანია ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესს ყიდულობს. საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ, რომელშიც მათ შორის შედის ლუდის ქარხანა და ბრენდები "ყაზბეგი", "შავი ლომი", "კაიაკი", "აისი", ასევე საერთაშორისო ბრენდების Heineken-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა ბრენდების წარმოებისა და დისტრიბუციის ლიცენზიები, Georgia Capital-ი მინიმუმ 63 მლნ დოლარს მიიღებს.
კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი ანალიზით, კონცენტრაცია არ მოახდენს არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე.