დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს. განცხადება პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან თქვა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიწერა პარლამენტს, რომ ის არც ვეტოს ადებს კანონს და არც ხელს აწერს.
“თქვენ იცით, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მივიღეთ პაკეტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე, ამაზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს ამ კანონს, ანუ ეს ვეტო არ არის. როგორც ჩანს ამ ჯერზე არ სურდა “იმიტომ” არგუმენტით საპარლამენტო მდივანს მოსვლა პარლამენტში, ამიტომ უბრალოდ ხელი არ მოაწერა მას. კონსტიტუციის თანახმად, კანონს მე მოვაწერ ხელს დღეს და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე”, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საკითხზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე დღეს ბრიფინგს გამართავს.
ცვლილებები მომავალი წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. მათ შორის, ცვლილება შეეხო ეროვნული ბანკის მიერ საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შერჩევისა და წარდგენის ვადებს, რომელმაც ასევე 4 თვით გადაიწია. მიზეზი, სავარაუდოდ არჩევნები და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესია, რომლის პარალელურადაც მმართველი საბჭოს პროფესიონალი წევრის (ახალი რედაქციით, ასე იწოდება ბორდის ყველა წევრი) შერჩევის პროცესი უნდა განხორციელებულიყო.
რაც შეეხება ცვლილებებს ეროვნული ბანკის ნაწილში, პირვანდელი ვერსიით:
მმართველობითი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავდა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აგრეთვე
თანამდებობიდან ათავისუფლებდა, საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც
ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდის შესაბამის მიმართულებებს საპენსიო ფონდის დებულების
შესაბამისად.
დამტკიცებული კანონის მიხედვით:
მმართველობითი საბჭო ღია კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, რის შესახებაც წინასწარ ატყობინებს ეროვნულ ბანკს.
ასევე, 25-ე მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი - ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.”
სხვა, არსობრივი ცვლილებები კანონპროექტში არ განხორციელებულა. დაზუსტდა ტერმინები და განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ახლა, ხელმოწერისთვის პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს, რომლის შეფასებითაც კანონი მავნებლურია. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მექანიზმს, ბოლო სასესიო კვირაში მიღებულ კანონზე, უცნობია.
საპენსიო სისტემის მართვის სტრუქტურა იცვლება - BMG-ის კითხვები და ეკონომიკის სამინისტროს პასუხები
საპენსიო სააგენტოზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა იზრდება - კანონპროექტი