მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ართმევენ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგების კერძო ფონდებში გადატანის არჩევანს? - ვიცე-პრემიერის პასუხი

ეკონომიკის მინისტრი

რატომ ართმევენ საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგების კერძო ფონდებში გადატანის არჩევანს - ამ კითხვით მიმართა BM.GE-მ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს. ლევან დავითაშვილის შეეცადა განემარტა, რატომ ვეღარ შეძლებენ 2025 წლიდან საპენსიო ფონდის ბენეფიციარები საკუთარი დანაზოგების კერძო მართვის აქტივებში გადატანას და სამი არგუმენტი მოიყვანა. მისი თქმით, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გაითვალისწინეს და რეფორმირების პროცესში გამოიყენეს. თუმცა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ექსპერტების ვინაობას ვერ გაასაჯაროებს.

- საპენსიო დანაზოგების შესახებ კანონში შედის ცვლილებები, ერთ-ერთი ის არის, რომ 2025 წლიდან ბენეფიციარებს ჩვენი აქტივების გადატანა ფონდიდან აქტივების მართვის კერძო კომპანიაში შეგვეძლო. ამ უფლებას 1 მლნ-ზე მეტ ადამიანს ართმევს. კითხვა მაქვს - რატომ, რადგან განმარტებით ბარათში ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები წერია - თან ის წერია, რომ ასე უფრო ეფექტიანი არის ერთი ქოლგის ქვეშ მართვაო, [ეს ცოტა უცნაურია, როცა დივერსიფიკაცია ყოველთვის კარგია] ამ ნაწილში ერთი ქოლგის ქვეშ მართვა რატომ არის კარგი?

მეორე ის არის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, რომლითაც ისედაც ცოტას გაჰქონდა ფონდიდან კერძო აქტივების მართვაში თავისი დანაზოგიო. თუ ისედაც ცოტას გაჰქონდა რის შეგეშინდათ, რატომ გვართმევთ არჩევანის უფლებას?

ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომელიც ძალიან ბევრ საერთაშორისო ექსპერტთან იყო გავლილი. მათ შორის ექსპერტების მოსაზრება იყო, რომ იმ შემთხვევაში როდესაც არაპროგნოზირებადია თუ როგორი იქნება ეს პროცესები, მათ შორის საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მართვაში გადატანა, შეიძლება გარკვეული რისკები ყოფილიყო მთლიანად სქემის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად კონსერვატიულები ვართ, როდესაც საპენსიო ფონდის მართვას ეხება საქმე...

- რისკები რაში დაინახეთ... კერძო აქტივების მმართველო კომპანიებსაც ჰყავთ მარეგულირებელი?

მარეგულირებელი ჰყავს, თუმცა სქემის ერთიანობა არ ჩანს ამ შემთხვევაში, პორტფელის ერთიანობა არ ჩანს და შეიძლება სამართავად ეს უფრო რთული იყოს...

- რატომ ვერ დაინახავდით, მეტი არგუმენტი გვჭირდება...

ეს ერთი ნაწილია, რასაც ექსპერტები გვეუბნებიან. მეორე - ზოგადად სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ეს არ არის წარმატებული მოდელი. განმარტებით ბარათშიც ეს იყო ასახული, რომ მცირეა ასეთი გადაწყვეტილებები საპენსიო სქემაში მონაწილეთა მხრიდან ძალიან მცირეა და არ არის საყოველთაო.

- მაშინ, მით უფრო რა რისკს ხედავდით?

მე გითხარით, საერთაშორისო კონსულტანტების მოსაზრებები...

- საიდუმლო ხომ არ არის მერე რომ მოვითხოვოთ, ამ კონსულტანტების ვინაობა...

რა თქმა უნდა გეტყვით... მაგრამ ალბათ, ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი რამდენად სურთ მათ, რომ ეს გაზიარებული იყოს. არგუმენტები მკითხეთ და გავაგრძელებ...

მესამე - ამ შემთხვევაში, გაჩნდა საშუალება რომ კონკრეტული პორტფელების მართვა მოახერხონ კერძო აქტივების მმართველებმა. რეალურად ვფიქრობ, რომ კერძო აქტივების მმართველების შემოსვლის და ეფექტიანად გამოყენების უფრო მეტი სივრცე გაჩნდა. რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ უფრო მსხვილი პორტფელები და უფრო დაბალი დანახარჯებით მართონ. ვფიქრობ, რომ ოპტიმიზაციის კუთხით უფრო პოზიტიური გადაწყვეტილებაა მიღებული.

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ - კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები