მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაჭიანურდა საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევა? - კონკურსი მესამედ გახანგრძლივდა

ლევან დავითაშვილი

"გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის კანდიდატურა მაქსიმალური კონკურენციის პირობებში იქნეს შერჩეული“, - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების განაცხადების მიღება მესამედ, 21 თებერვლამდე, სწორედ ამ მიზეზით გადავადდა.

საქმე ის არის, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორს, კონკურსის გზით არჩევს და 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარე ამჟამად ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილია. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან.

აღსანიშნავია, ეკონომიკის სამინისტროში BMG-ს სხვა კითხვებს, კერძოდ: ამ დროისთვის, სულ რამდენ პირს სურს საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დაკავება თუ საერთოდ, არცერთი განაცხადი არ შესულა, არ უპასუხეს.

ინფორმაციისთვის: საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების პროცესი 20 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განაცხადების მიღება 7 დღით, გამოცხადებული უქმეების გამო გაახანგრძლივეს. შემდეგ ვადამ, კიდევ ერთხელ, 10 თებერვლამდე გადაიწია, ხოლო გუშინ, მესამედ - 21 თებერვლამდე.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, დირექტორის დარიცხული ხელფასი 14 500 ლარი იქნება. კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი 2025 წლის 1 მაისიდან, 5 წლის ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.

მოთხოვნები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია:

მინიმალური განათლება: ბაკალავრი ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში
სამუშაო გამოცდილება: 10 წელი
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 5 წელი

მომავალ დირექტორს ასევე მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარები. საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ზაფხულიდან დირექტორი არ ჰყავს. 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება მაისიდან შეიცვლება და გახდება საპენსიო ფონდი.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ამჟამად გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები