მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო სააგენტოს საქმიანობა სრულად ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარება" - ლევან დავითაშვილი

საპენსიო

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმა ქვეყანაში წარმატებით დაიწყო, დანაზოგები კი, რომელიც მოსახლეობამ საპენსიო სააგენტოში გადაიხადა, ეფექტურად არის მართული - ამის შესახებ მინისტრმა მედიასთან საპენსიო სააგენტოს ხუთწლიანი საქმიანობის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა.

“საპენსიო სააგენტოს საქმიანობის პირველი 5 წელი ძალიან წარმატებული იყო. უმნიშვნელოვანესი, მგრძნობიარე რეფორმა ძალიან წარმატებით დაიწყო, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია, რათა ქვეყანაში მეორე საფეხურის საპენსიო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.

იცით, რომ გასულ წელს ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონმდებლობაც მივიღეთ, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ე.წ. “მესამე პილარში” მიიღონ მონაწილეობა და მათი დანაზოგი კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ქვაკუთხედი და მთავარი საყრდენი არის ის სავალდებულო სისტემა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ. ამიტომ ჩვენი მიდგომა საკმაოდ ფრთხილი და დაბალანსებული იყო. ამის მიუხედავად ვნახეთ, რომ საინვესტიციო საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, სააგენტოს ამონაგები მილიარდ ლარზე მეტია. ასევე, OECD-ის კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა საინვესტიციო და რეალური შემოსავლებით. შესაბამისად, ის დანაზოგები, რომლებიც ჩვენმა მოსახლეობამ საპენსიო სააგენტოში გადაიხადა, ყველაზე ეფექტიანადაა მართული”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემდგომ განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუმჯობესდება საზედამხედველო სტანდარტებიც, სააგენტოს საქმიანობა კი ეროვნულ ბანკს სრულად დაექვემდებარება.

“შემდეგი ამოცანა ჩვენთვის დანაზოგების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით გამოყენებაა. პირველ რიგში, ყველაზე მთავარია, პენსიონერებმა სტაბილურად მიიღონ დანაზოგებზე მეტი შემოსავალი, მეორე რიგში კი, რა თქმა უნდა, პროგრამა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი.

მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება ზედამხედველობის სტანდარტები და საპენსიო სააგენტოს საქმიანობა სრულად დაექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. დაზღვევის მექანიზმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გავზარდოთ - ეს ყველაფერი ჩვენი რეფორმის შემდეგი ეტაპებია”, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მას შემდეგ, გაცემულ ხელფასებზე 2-პროცენტიანი შენატანები საპენსიო ფონდში ირიცხება და მოქალაქეთა პერსონალურ საპენსიო ანგარიშებზე ისახება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლს, სებ-ი ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო (და არა - ადმინისტრაციული) საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას ახორციელებს. ეროვნული ბანკი აგრეთვე ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაციას/აღიარებას და ზედამხედველობას უწევს მათ საქმიანობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები