მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ეზრდება - სად დააბანდებენ მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს?

649458a66d606
ელენე გოგბერაშვილი
25.06.23 19:15
1378
სტატიაში საუბარია:
საპენსიო სააგენტოს, რომელსაც 1,4 მლნ ადამიანის 3,5 მლრდ ლარის დანაზოგი აბარია, საინვესტიციო მანდი ეზრდება. თუ პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს არსებული რედაქციით დაამტკიცებს, საპენსიო სააგენტო ნაწილობრივ საკრედიტო ორგანიზაციად შეიძლება მოგვევლინოს. იმ შემთხვევაში თუკი კონკრეტულ მსხვილ საინვესტიციო პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახორციელებენ დაფინანსებას, მასში ინვესტიციის განხორციელება საპენსიო სააგენტოსაც შეეძლება.

კანონში ამ ცვლილების შეტანა მთავრობას დიდი ალბათობით მსხვილი პროექტების დაფინანსებისთვის აქვს გადაწყვეტილი.

„დაშვებული იქნება კონკრეტულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ინვესტირება. არსებობს ერთი დაშვება, რომ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ იქნება შესწავლილი პროექტები და ისინი შედიან კონკრეტული პროექტის ინვესტირებაში, ასეთი პროექტებისთვის იქნება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება გახსნილი.

ვთვლით, რომ სანდოობა და პრუდენციულობა დაცულია და აქაც ლიმიტები იქნება დაწესებული, რომ ეს არ შეიძლება იყოს თუნდაც იმაზე მეტი მოცულობის, რამდენიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის არის და ზოგადად ის არ უნდა იყოს 20%-ზე მეტი კონკრეტულ საინვესტიციო პროექტში. ამიტომ, გარკვეული რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაც პრუდენციულობის ხარისხი შემცირდეს ვთვლი, რომ არ არის, თუმცა დამატებითი მსჯელობა პარლამენტში აღნიშნულ ლიმიტებთან დაკავშირებით კიდევ იქნება“, - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.

კანონპროექტი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაინიცირდა პარლამენტში, მხოლოდ მიმდინარე კვირაში გამოიტანეს განხილვებისთვის. დარგობრივ კომიტეტს საპენსიო სააგენტოს მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონია. ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ დოკუმენტი პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებულია.

გარდა იმისა, რომ საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობას შეძლებს, მთავრობის მომზადებული კანონპროექტი საპენსიო სააგენტოსთვის ინვესტირების ლიმიტების გაზრდასაც ითვალისწინებს. მაგალითად, მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში აქტივების მოცულობა 10%-დან 20%-მდე გაიზრდება. პორტფელის მეტად დივერსიფიცირებისთვის საპენსიო სააგენტო ასევე უფლებამოსილი იქნება პორტფელი საინვესტიციო ფონდებში დააბანდოს.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილები დანაზოგის სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში გადატანას შეძლებენ.

„მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პორტფელების არჩევანი გააკეთონ, რადგან შესაძლებელია რისკიანობის მიხედვით სხვადასხვა პორტფელების არჩევა. ეს არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა ე.წ მეორე სვეტის სისტემა, რომელიც დამოუკიდებელია მესამე სვეტის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემისაგან. მათ შორის თანხვედრა და გადაკვეთები არ არის.

სავალდებულო სქემა მაინც დარჩება, ხოლო თუ მონაწილეს დამატებით სურვილი ექნება, რომ მიმართოს დამატებითი სახსრები ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში, ისინი შეძლებენ ამას უკვე მესამე სვეტის პენსიის სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ასევე წარდგენილია პარლამენტში და პარალელურად მიმდინარეობს განხილვა. ველოდებით, რომ ამ სესიაზე მიღებულ იქნება“,-აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები