ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას მხოლოდ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით, ფასიანი ქაღალდების საშუალებით შეძლებს.
როგორც სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საპენსიო დანაზოგებით პროექტებში პირდაპირი ინვესტირება, ანუ სესხის გაცემა არ განიხილება.
გიორგი გურგენიძის თქმით, იმისთვის, რომ კონკრეტულ პროექტში საპენსიო დანაზოგები ჩაიდოს, არაერთი კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს, მათ შორის მასში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია უნდა მონაწილეობდეს.
“თანხა ჩაიდება კერძო ემისიებსა და სასესხო ფასიან ქაღალდებში, რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკრედიტო რეიტინგი უნდა ჰქონდეს. საპენსიო ფონდს უფლება ექნება ემისიის მხოლოდ 20%-მდე შევიდეს და მისი თანამონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი უნდა იყოს. ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, შესაბამისად, თუ ეს კრიტერიუმები კმაყოფილდება, კონკრეტული ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელი იქნება. პროექტში პირდაპირ ინვესტირება, სესხის გაცემა და წილში შესვლა არ განიხილება. მთავარია, პროექტს ამონაგები ჰქონდეს, თუ პროექტს ამონაგები არ აქვს, მასში თანხა არ იდება, საპენსიო ფონდი არაა დამფინანსებელი, ის ინვესტორია“, - განაცხადა გიორგი გურგენიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებების ფონზე, ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ მსხვილ პროექტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მეტი დეტალი უნდა გაიწეროს. როგორც სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, კანონში არსებული ზოგადი ჩანაწერი არ გამორიცხავს, პროექტებში პირდაპირ ინვესტირებას, რაც სურგულაძის განცხადებით, არაერთ რისკს შეიცავს.
პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც.