ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ მსხვილ პროექტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მეტი დეტალი უნდა გაიწეროს.
როგორც სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებში დაზუსტებული არაა, რა ფორმით მოხდება საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში დაბანდება.
მისი თქმით, კანონში არსებული ზოგადი ჩანაწერი არ გამორიცხავს, პროექტებში პირდაპირ ინვესტირებას, რაც სურგულაძის განცხადებით, არაერთ რისკს შეიცავს.
ფინანსისტი მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტომ მსხვილი პროექტები მხოლოდ ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით უნდა დააფინანსოს.
„თუ საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტები დაფინანსდება და ეს მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტების და ფასიანი ქაღალდების საშუალებით მოხდება, მაშინ პრობლემა არაა. ფასიან ქაღალდს რეიტინგი გააჩნია, მას რისკი ეზომება. მთავარია, ეს ინსტრუმენტი ვაჭრობადი იყოს და მისი გაყიდვა შეიძლებოდეს და ეს არ იყოს პირდაპირი ინვესტიცია, წილში შესვლა და პირდაპირი სესხი. კანონში ეს ჩანაწერი გასაუმჯობესებელია, რომ უფრო მკვეთრად და გარკვევით გამოჩნდეს, რას გულისხმობენ ამ მიმართულებით. იქ კიდევ ერთი ჩანაწერია, რომ თუკი პროექტში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არიან ჩართული, მაშინ საპენსიო ფონდს 20%-მდე თანამონაწილეობა შეეძლება. მსგავსი ჩანაწერი კი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ განმარტავს, ზუსტად რაზეა საუბარი“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც.