მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა იზრდება - კანონპროექტი

სები

საქართველოს მთავრობა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს - ამას ითვალისწინებს 16 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემას მნიშვნელოვნად ცვლის. პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად გაფართოვდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები და მას მნიშვნელოვანი გადაცდომების შემთხვევაში საპენსიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრების გადაყენების უფლებამოსილებაც ექნება.

ამჟამად არსებული კანონმდებლობით ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას უკავშირდება, თუმცა ახალი მოდელით, სებ-ი საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ნაწილის ზედამხედველიც გახდება და ახალი უფლებები მიენიჭება. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებასთან ერთად იცვლება თავად საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა.

სააგენტოს ამჟამად ჰყავს ორი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მეორეა საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭოები უქმდება და ისინი ჩანაცვლდება ერთიანი მმართველობითი საბჭოთი, რომელსაც 9-დან 15 წევრამდე ეყოლება. სახელი ეცვლება თავად საპენსიო სააგენტოსაც და მას საპენსიო ფონდი ეწოდება.

პარლამენტისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სარეგულაციო უფლებების გაფართოებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს შესაძლოა ხარჯები გაეზარდოს.

“კანონპროექტით დგინდება ეროვნული ბანკის გაზრდილი საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც გულისხმობს მთლიანი საპენსიო ფონდის ზედამხედველობას. ამასთან კანონპროექტი ადგენს ეროვნული ბანკის მიერ კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების გამოცემის ვალდებულებას. შესაბამისად, შესაძლოა ეროვნულ ბანკს დასჭირდეს დამატებითი ადამიანური რესურსების გამოყოფა, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული ბანკის გაზრდილი ხარჯები, რაც დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკის არსებული რესურსის შეფასებასა და პოტენციურ ახალ თანამშრომლებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზეზებზე ეკონომიკის სამინისტროს პასუხები შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები