მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბევრად აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე - საპენსიო სააგენტო

ანა ნაჭყებია

საპენსიო სააგენტო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ანა ნაჭყებიას თქმით, ეროვნული ბანკის რეგულაციებში შესული ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებთან მიმართებით მინიმალური საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნები შემსუბუქდა. მისი განცხადებით, ეს ცვლილება სააგენტოს საშუალებას მისცემს, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე უფრო გააქტიურდეს.

„ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მიმართულებით დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ჩვენი შეზღუდვა საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემსუბუქდა. აქამდეც ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, თუმცა მომავალშიც იმის გათვალისწინებით, რომ ორი პუნქტით დაბალი საკრედიტო რეიტინგის ობლიგაციების ყიდვა შეგვეძლება, ეს ნიშნავს, რომ ბევრად აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე. ჩვენ წამყვან საინვესტიციო ბანკებთან TBC კაპიტალთან და Galt & Taggart-თან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყოველთვის გავდივართ მათთან იმ კომპანიების გეგმებს, ვინც ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. შემდეგ კი გადაწყვეტილებას ვიღებთ“, - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს პორტფელში ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების წილი მცირეა. ამ ეტაპზე ₾6.5 მილიარდი ლარის მოცულობის საპენსიო ფონდიდან ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში მხოლოდ 0.83%-ია დაბანდებული. უცხოურ ვალუტაში გამოშვებულ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში კი მთლიანი პორტფელის 0.25% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები