მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვება "ოდნავ მწარე გემოს ტოვებს"|ეკონომისტის ანალიზი

რატი წიკლაური

ეკონომისტი რატი წიკლაური საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, მაგრამ გარკვეული კითხვები აქვს. BMGTV-ის გადაცემა წერტილთან ინტერვიუში ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა ფარულ საფრთხეებსა და პოლიტიკურ რისკებზე, რამაც შესაძლოა, აიძულა ცენტრალური ბანკი, რომ უცხოური ვალუტის რეზერვი გაზარდოს. “ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვება “ოდნავ მწარე გემოს ტოვებს”, - ამბობს ეკონომისტი.


- წლიური ინფლაცია 5.8%-მდე დაჩქარდა და სებ-ი ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, თუმცა აღსანიშნია, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა უკვე 7.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ეროვნული ვალუტაც სტაბილურია. სებ-ის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე, ეს შედეგები ეროვნული ბანკის მენეჯმენტის პროფესიონალიზმზე მიუთითებს თუ უფრო იღბალია?

- ვფიქრობ, ორივე ფაქტორი მოქმედებს… საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო ბოლო თვეების განმავლობაში სწორად იქცევა. კითხვა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, მათ საბოლოო მიზანს ეხება. განვმარტავ, რას ვგულისხმობ: საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება დღეს ძალიან ძლიერია. ეს პირდაპირ უკავშირდება საგარეო ფაქტორებს - რუსეთ-უკრაინის ომსა და ირანის ირგვლივ არსებულ კონფლიქტებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში ფუნდამენტურად ახალი რამ შევქმენით და დოლარი ამის გამო შემოვიდა...

- სავალუტო რეზერვების ზრდის საშუალებასაც იძლევა საგარეო ფაქტორების გავლენით შემომავალი ფულადი ნაკადები?

- აბსოლუტურად. ეს, გარკვეულწილად, იღბალია. ამ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს შეეძლო ეს შანსი საერთოდ არ გამოეყენებინა ან გონივრული გზით მიემართა. ჩემი აზრით, მათი ნაბიჯები გონივრულია: სებ-ს შეეძლო ლარი ცოტათი უფრო გაემყარებინა - ლარის კურსი დოლართან შეიძლებოდა 2.50 ლარამდე ჩამოსულიყო, თუმცა დღეს 2.62 ლარია 1 დოლარის ღირებულება. ცენტრალური ბანკი არჩევს, ლარი ოდნავ ნაკლებად გამყარდეს, მაგრამ სანაცვლოდ დააგროვოს რეზერვები, რომლებიც ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც შიდა თუ გარეგან პოლიტიკურ ტურბულენტობას ხშირად ვაწყდებით, აუცილებელ „უსაფრთხოების ბალიშად“ (ბუფერად) გამოდგება. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად გამართლებული პოლიტიკაა. იმასაც ვიზიარებ, რომ 7 მილიარდი დოლარის რეზერვი დღეს სრულიად საკმარისად გამოიყურება და მგონია, ეროვნული ბანკი ამ პროცესს ბუნებრივად შეანელებს. თუმცა, აი, საიდან ჩნდება კითხვა: დიახ, ეროვნულ ბანკში პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არსებულ თუ მომავალ პოლიტიკურ დაძაბულობასთანაც იყოს კავშირში. ქვეყნისთვის, სადაც ხვალინდელი დღე, თვეები არაპროგნოზირებადია - მოსალოდნელია პროტესტი, დაძაბულობა თუ არეულობა, დოლარის ბუფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ლარის შესაძლო მერყეობა დააზღვიოს…

- ანუ ქვეყანას ჰქონდეს ფინანსური ბალიში.

დიახ, ზუსტად. ეს არის ის გარემოება, რაც ამ პროფესიონალურ გადაწყვეტილებას ოდნავ „მწარე გემოს“ ტოვებს. ჩემთვის ეს ნაბიჯი იმითაც არის განპირობებული, რომ ბანკი ემზადება მომავალი პოტენციური პოლიტიკური დაძაბულობებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები