პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტს 16 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი წარედგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემას მნიშვნელოვნად ცვლის. აწ უკვე, კანონის თანახმად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები და მას მნიშვნელოვანი გადაცდომების შემთხვევაში საპენსიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრების გადაყენების უფლებამოსილება აქვს. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებასთან ერთად იცვლება თავად საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა.
საბოლოო რედაქციის მიხედვით, კანონი სრულად 2025 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, მომავალი წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. მათ შორის, ცვლილება შეეხო ეროვნული ბანკის მიერ საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შერჩევისა და წარდგენის ვადებს, რომელმაც ასევე 4 თვით გადაიწია. მიზეზი, სავარაუდოდ არჩევნები და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესია, რომლის პარალელურადაც მმართველი საბჭოს პროფესიონალი წევრის (ახალი რედაქციით, ასე იწოდება ბორდის ყველა წევრი) შერჩევის პროცესი უნდა განხორციელებულიყო.
პირვანდელ ვერსიაში არ იყო განსაზღვრული თვითდასაქმებულის მონაწილეობა სისტემაში.
თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4%-ის ოდენობით.
რაც შეეხება ცვლილებებს ეროვნული ბანკის ნაწილში, პირვანდელი ვერსიით:
მმართველობითი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავდა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აგრეთვე
თანამდებობიდან ათავისუფლებდა, საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც
ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდის შესაბამის მიმართულებებს საპენსიო ფონდის დებულების
შესაბამისად.
დამტკიცებული კანონის მიხედვით:
მმართველობითი საბჭო ღია კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, რის შესახებაც წინასწარ ატყობინებს ეროვნულ ბანკს.
ასევე, 25-ე მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი - ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.”
სხვა, არსობრივი ცვლილებები კანონპროექტში არ განხორციელებულა. დაზუსტდა ტერმინები და განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ახლა, ხელმოწერისთვის პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს, რომლის შეფასებითაც კანონი მავნებლურია. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მექანიზმს, ბოლო სასესიო კვირაში მიღებულ კანონზე, უცნობია.
საპენსიო სისტემის მართვის სტრუქტურა იცვლება - BMG-ის კითხვები და ეკონომიკის სამინისტროს პასუხები
საპენსიო სააგენტოზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა იზრდება - კანონპროექტი