გასული კვირის 11-17 სექტემბერი მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
1) აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მორიგი პაკეტი, რომელშიც საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია - LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE და LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ი მოხვდნენ. BMG დაუკავშირდა MOSCOW BUSINESS BROKERAGE-ის გგენერალურ დირექტორს, რომან ბოკერიას, რომელიც კომენტარისგან თავს იკავებს. პარასკევს კი თავად ოთარ ფარცხალაძემ გააკეთა წერილობითი განცხადება და თქვა, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების მიერ არის ინსპირირებული. ფარცხალაძის თქმით, ის გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა მისი სიმართლე დაამტკიცოს.
2) ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
ეროვნულმა ბანკმა როგორც მოსალოდნელი იყო, რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 10 პროცენტამდე შეამცირა. სებ-ის განმარტებით 0.9 პროცენტის მოცულობის წლიური და 2.5 პროცენტის საბაზო ინფლაცია ქმნის იმის საფუძველს, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ შემცირდეს. სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9.8%-მდე, ხოლო 2024 წლის პირველი კვარტლისთვის 9.5%-მდე შემცირდება.
3) 2023 წლის ბიუჯეტში კორექტირება შედის
2023 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შედის. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 500 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 19.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამისად იზრდება ბიუჯეტის ხარჯებიც. ყველაზე მეტად 250 მილიონი ლარით დაფინანსება გაეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს და მისი ბიუჯეტი 7 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. აქედან 120 მილიონი ლარი ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება. 47 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს, იფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება კი 20 მილიონი ლარით იზრდება. ამასთან 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო ვალების მომსახურების ღირებულება და ის 1.6 მილიარდი ლარი იქნება.
4) აგვისტოში ფულადი გზავნილები შემცირდა
გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების ანგარიში, რომლის თანახმადაც აგვისტოში საქართველოში 287 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად, 46%-ით, რუსეთიდან შემცირდა გზავნილების მოცულობა და ის 60 მილიონ დოლარს შეადგენდა. სანაცვლოდ, 37 პროცენტით გაიზარდა გადმორიცხვები აშშ-დან და ის უკვე 40 მილიონი დოლარია, ხოლო იტალიიდან გზავნილებმა 23%-ით მოიმატა და 45 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ზრდა განსაკუთრებით აშშ-ში საქართველოდან ახალ მიგრაციულ ტალღაზე მიუთითებს.
5) საქართველოს ექსპორტი გაიზარდა
აგვისტოს განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $492 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით მეტია.
6) საქართველოს განვითარების ფონდს ახალი მენეჯმენტი ჰყავს
საქართველოს განვითარების ფონდს, ანუ რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს ახალი მენეჯმენტი ჰყავს. 8 წლის შემდეგ პოსტი დატოვა დავით საგანელიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაანაცვლა, თავად მან კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა.
საქართველოს განვითარების ფონდს ამ დრომდე აქვს შეზღუდული როგორც ახალი სესხების აღება, ასევე ახალი პროექტების დაფინანსება. ფონდი საინვესტიციო საქმიანობას გააგრძელებს მხოლოდ მაშინ თუკი საქართველოს ხელისუფლებასა და სავალუტო ფონდს შორის შესაბამისი შეთანხმება შედგება.
7) პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ პოსტზე ორი კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა ამ პოსტზე პარლამენტში ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები გააგზავნა. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
8) პრემიერის ჩარტერის საფასური 34,000 ევრო მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ხარჯები გერმანიაში, მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა. მისივე თქმით, საუბარია 34 ათას ევროს ეკვივალენტზე ლარში.
9) სახელმწიფო კომპანიამ პრემიერ-მინისტრის მამის ღვინის კომპანიას 150,000-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა, შემდეგ კი ხელშეკრულება გააუქმა
29 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა “მოსავლის მართვის კომპანიამ” ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის კომპანიას, “ქართულ ფესვებს” 150,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. შესყიდვა რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, ამის შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება 1 სექტემბერს გაუქმდა. BMG-ი "მოსავლის მართვის კომპანიის" დირექტორს პაატა ჭავჭანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედოფლისწყაროს რაიონში ისინი ღვინის ქარხნებს არ აკონტრაქტებენ და მას ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. ამის შემდეგ კი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, იმის თაობაზე თუ რატომ მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა. უწყების ინფორმაციით, შესყიდვის საჭიროება აღარ არსებობდა, რადგანაც დედოფლისწყაროს რაიონში არსებობდა საკმარისი მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, ამიტომაც ამ მუნიციპალიტეტის ღვინის კომპანიებთან ყურძნის შესყიდვის სუბსიდირების კონტრაქტები აღარ გაფორმდა.
10) საქართველო ჩინეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს უწესებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოს ყველაზე მეტი - 48 ათასი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მას შემდეგ ჩინელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 13 ათასი ჩინელი ვიზიტორი სტუმრობდა.
27 სექტემბრიდან China Southern Airlines-ი თბილისი-ურუმჩის შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებას დაიწყებს. პანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანია პეკინსა და თბილისს შორის ქალაქ ურუმჩის გავლით დაფრინავდა. China Southern Airlines-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით განაახლა, თუმცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე კვირაში სამი სიხშირით ასრულებს ფრენებს.