მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს - ფარცხალაძე

ყოფილი პროკურორი

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ  აქვს. ამის შესახებ ის ტელეკომპანია "რუსთავი2"-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერს. 

„მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია“ - წერს ის. ყოფილი მთავარი პროკურორის შეფასებითვე, მის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსამართლოა.

"ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება", - ნათქვამია ფარცხალაძის წერილობით პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები