მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო განმარტავს, რატომ გაუქმდა პრემიერის მამის ღვინის კომპანიასთან 150,000-ლარიანი ხელშეკრულება

ირაკლი ღარიბაშვილი

29 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა “მოსავლის მართვის კომპანიამ” ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის კომპანიას, “ქართულ ფესვებს” 150,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. შესყიდვა რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, ამის შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება 1 სექტემბერს გაუქმდა.

BMG-ი "მოსავლის მართვის კომპანიის" დირექტორს პაატა ჭავჭანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედოფლისწყაროს რაიონში ისინი ღვინის ქარხნებს არ აკონტრაქტებენ და მას ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. ამის შემდეგ კი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, იმის თაობაზე თუ რატომ მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა:

"რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით შპს "მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანია" აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით. როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას,  შპს "ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ "ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება.

წელს, როგორც არაერთხელ გაცხადდა რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რამაც დღის წესრიგიდან მოხსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საწარმოს მიერ ყურძნის შესყიდვა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა, ხელშეკრულების გაწყვეტა", - ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება ღვინის კომპანია "ქართულ ფესვებს", ის 2019 წლის თებერვალში დაფუძნდა, მისი 50%-50%-იანი პარტნიორები ტარიელ ღარიბაშვილი და თამარ ალუღიშვილი არიან. კომპანიის დირექტორის პოსტს ნათია ლობჯანიძე იკავებს. 

დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ჩარტერული რეისით გაფრენის საფასური სწორედ პრემიერის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა და ის 34 ათასი ევრო დაჯდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები