მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ლარი

გთავაზობთ გასული კვირის - 18-24 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 10-წლიან მინიმუმზეა

2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ევროკავშირში სულ 456 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. ეს თანხა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 155 მილიონი დოლარით, ანუ 25%-ით ნაკლებია.

შემცირების შედეგად, საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 10%-ს ჩამოსცდა და 8.4% შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის 10 თვეში EU-ში საქართველოდან $612 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა და ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 12% იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 10%-ზე ნაკლები არასოდეს მოდიოდა.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთი გახდა

საქსტატმა 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ექსპორტმა და მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. საქართველოს ექსპორტის მთავარი ბაზარი წლის ამ პერიოდში ყირგიზეთია, სადაც ოფიციალურად წელს 1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა. წლიურად ექსპორტი 86%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ყირგიზეთთან ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობს, რომლის ექსპორტმაც 964 მილიონ დოლარს მიაღწია. თავის მხრივ, ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ 2024 წელს საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს.

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის 10 თვეში ასე ნაწილდება:

  1. ყირგიზეთი - 1.05 მილიარდი, ზრდა წინა წელთან 86%;
  2. ყაზახეთი - $714 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;
  3. აზერბაიჯანი - $611 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 14%;
  4. რუსეთის ფედერაცია - $580 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
  5. სომხეთი - $512 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 22%;
  6. თურქეთი - $417 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 19%;
  7. ჩინეთი - $257 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 6%;
  8. აშშ - $132 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 77%;
  9. უზბეკეთი - $112 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;
  10. ბულგარეთი - $94 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 59%.

საქართველომ სავალუტო რეზერვები უნდა შეავსოს - IMF-ის მოწოდება ეროვნულ ბანკს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზურმა გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება სავალუტო რეზერვების შევსებაზე, რომელიც ამჟამად ადეკვატურობის ზღვარზე დაბალია.

IMF საქართველოს სახელმწიფო საწარმოებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზური გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტრევიუში აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი საკითხი იყო, რასაც 2023 წელს საქართველოში IMF-ის პროგრამის შეჩერება მოჰყვა. ჯიჰად აზურის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების მმართველობითი რეფორმა არის სტრუქტურული მნიშვნელობის რეფორმა და მისი განხორციელება ქვეყნის ფისკალური რისკების შესამცირებლად არის აუცილებელი.

თბილისის მეტროს 97 ახალი ვაგონის შესაძენად €210 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობების შესასყიდად. 97 ახალი ვაგონის სატენდერო ღირებულება 210 მილიონი ევრო იქნება, საიდანაც 125 მილიონი ევრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სესხით დაფინანსდება. უშუალოდ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე პროექტის მთლიანი ღირებულება მითითებული არაა, თუმცა თავად AIIB-ის სატენდერო ინფორმაციის თანახმად, პროექტი 210 მილიონი ევრო დაჯდება, ანუ ლარებში მისი ღირებულება 606 მილიონი ლარი იქნება. შესაბამისად, ერთი ვაგონის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.25 მილიონი ლარი (2.16 მლნ ევრო) იქნება.

მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისის მერია ვაგონების შესყიდვისთვის საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს და მას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირობების შესაბამისად განახორციელებს. ტენდერის თანახმად, მატარებლების მიღება 2026 წლიდან უნდა მოხდეს.

სატენდერო აღწერის თანახმად, თბილისის მერია შეისყიდის 13 მოძრავ შემადგენლობას, რომელიც 4 ვაგონისგან იქნება შემდგარი და 9 მოძრავ შემადგენლობას, რომელიც 5 ვაგონისგან იქნება შემდგარი.

ქართულ ბანკებს უცხოურ ბანკებზე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუწესდათ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში ცვლილებები შეიტანა. დებულების განახლებული ტექსტის თანახმად, ქართულ სისტემური მნიშვნელობის ბანკს ეზღუდება სხვა ქვეყნის სისტემური ბანკისთვის იმ ზომის სესხის მიცემა, რომელიც ქართული სისტემური ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს აღემატება.

თბილისის მერიის 2025 წლის ბიუჯეტი 1.8 მილიარდ ლარამდე მცირდება - პროექტი

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300 ლარზე არის დაგეგმილი, რაც 2024 წლის მერიის ბიუჯეტზე ზუსტად 241 მილიონი ლარით ნაკლებია.

მერიის მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურებები 145.6 მილიონ ლარამდე, რაც 2024 წელთან შედარებით 14-მილიონიან მატებას წარმოადგენს.

ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მნიშვნელოვანი შემცირებები არის გათვალისწინებული კულტურის, ნარჩენების შეგროვების, გზების მოვლა აღდგენის, საბინაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა მიმართულებებით. თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში განხილვების შემდეგ როგორც წესი ათობით მილიონი ლარით იზრდება და სავარაუდოა, რომ ბიუჯეტის აღნიშნული პროექტიც საბოლოო ვერსიაში ზრდის მიმართულებით დაკორექტირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები