მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს მილიონობით ლარი გამოუთავისუფლდათ - რას ნიშნავს კონტრციკლური ბუფერის შევსების 2027 წლამდე გადავადება?

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს კომერციული ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე შევსების ვადა 2024 წლის 15 მარტის ნაცვლად, 2027 წლის 15 მარტამდე გადასწია.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში მოქმედ ბანკებს მილიონობით ლარი გამოუთავისუფლდებათ, რომელსაც სხვა შემთხვევაში ამ ბუფერის დაცვისთვის განათავსებდნენ.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, რამაც სავალუტო აქტივების მოზიდვის ღირებულება გააძვირა. კერძოდ კი აშშ-ის FED-ის განაკვეთი 5%-მდე არის გაზრდილი, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) განაკვეთი კი 20-წლიან მაქსიმუმზეა.

ამის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნებს ამსუბუქებს. დღეს მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 20%-მდე შემცირდა.

"გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20 %-მდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის 0%-დან 1%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით თანახმად, “ბაზელ 3”-ის რეგულაციების შესაბამისად მოხდა, რადგანაც ამ ბუფერის ნეიტრალურ დონედ 0%-ის ნაცვლად 1% განისაზღვრა.

ეროვნული ბანკის ვებგვერდის თანახმად, კონტრციკლური ბუფერის მიზანია აღმავალი ეკონომიკური ციკლის პერიოდში კაპიტალის დაგროვება და ჭარბი დაკრედიტების მოთოკვა, რის საფუძველზეც დაღმავალი ეკონომიკური ციკლის დროს შესაძლებელი ხდება ამ კაპიტალის გამოთავისუფლება და ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდება.

კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი დანერგილია ბაზელ III-ის ჩარჩოს ფარგლებში და წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.

BMG შეეცდება საბანკო სექტორის ექსპერტებთან გაარკვიოს რამდენი მილიონი ლარის დაგროვება აღარ მოუწევთ ბანკებს ბუფერის დაგროვება, თუმცა სხვადასხვა შეფასებით ეს თანხა ნახევარ მილიარდ ლარზე ნაკლებია.