საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილი მცირდება.
2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებში უმოქმედო სესხების წილი მთლიანი კრედიტების 5.9%-ია, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, მარტში არსებულ პიკთან შედარებით კი 2.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საბანკო სისტემაში სულ 41.7 მილიარდი ლარის სესხებია გაცემული, შესაბამისად, უმოქმედო სესხების ჯამური მოცულობა 2.4 მილიარდი ლარია.
უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორში უმოქმედო სესხები კრედიტების 7.4%-ს შეადგენს, ხოლო იპოთეკურ სესხებში კი უმოქმედო კრედიტების წილი 3.8%-ია.
ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიით, უმოქმედო კრედიტები წარმოადგენს იმ სესხებს, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც “არასტანდარტული”, “საეჭვო” და “უიმედო”.
უმოქმედო სესხის სტატუსის გარდა არსებობს ვადაგადაცილებული სესხის სტატუსიც. ამ სტატუსს სესხი იძენს 90 დღეზე ხანგრძლივი ვადაგადაცილების შემთხვევაში. ეროვნული ბანკის თანახმად, ვადაგადაცილებული სესხები მთლიანი კრედიტების 2.2%-ს შეადგენს.