მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებში ყველაზე დიდი მოცულობის ვადაგადაცილებული ბიზნესსესხი სასტუმროების სექტორშია

სასტუმრო

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკებში კორპორაციულ სესხებს შორის თანხობრივად ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული კრედიტი სასტუმროების სექტორზე მოდის. მთლიანობაში ამ სექტორზე გაცემულია 3.05 მილიარდი ლარის სესხები, საიდანაც 135 მილიონი ლარი 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებზე მოდის. ამასთან, წლიურ ჭრილში ამ სექტორის ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 56 მილიონი ლარით გაიზარდა.

მთლიანობაში 2025 წელს სასტუმროების სექტორზე გაცემული კრედიტები მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციულმა ბანკების მიერ ახალი სასტუმროების პროექტების დაფინანსების ტემპიც შემცირებულია, მაშინ როდესაც მთლიანად კორპორაციული სექტორის დაკრედიტება გასულ წელს 15%-ით, 26 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

პროცენტულად სასტუმროების სექტორში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხების წილი 4.4%-ს შეადგენს.

უფრო მაღალია ვადაგადაცილების წილი რესტორნების და სწრაფი კვების პუნქტების სექტორში, სადაც ვადაგადაცილებულია მთლიანი პორტფელის 4.9%, თუმცა თანხობრივად ეს 47 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, თანხობრივად ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სწორედ სასტუმროების მიმართულებით ფიქსირდება.

მთლიანობაში კორპორაციულ სექტორში სულ ვადაგადაცილებულია 385 მილიონი ლარის სესხები, რაც პორტფელის 1.5%-ია, აღნიშნული თანხის 35%-ზე მეტი სასტუმროების ვადაგადაცილებულ კრედიტებს წარმოადგენს.

ამასთან, სხვადასხვა უძრავი ქონების რეალიზაციის ვებგვერდზე მოქმედია გამოქვეყნებული განცხადებები, რომლითაც სასტუმროები იყიდება. უკანასკნელ პერიოდში ყოფილი სასტუმროს საოფისე დანიშნულების შენობად გადაკეთების ფაქტიც დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები