მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკიდან ბანკში გადარიცხვა 24/7-ზე იქნება შესაძლებელი - სებ-ი მყისიერი გადახდების სისტემაზე მუშაობს

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ წელზე მეტია მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებს, ასევე საგადახდო ოპერატორებს შორის 24/7-ზე მათ შორის დასვენების დღეებში გახდის გადარიცხვებს შესაძლებელს, ამ ახალ სისტემას IPS ეწოდება. სებ-ი ასევე მუშაობს ეროვნული ბანკთაშორისი გადახდების სისტემა RTGS-ის განახლებაზე და მასში უცხოური ვალუტების მოდულის დამატებაზე. პროექტის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ "ქართუ ბანკის" მიერ ორგანიზებულ პოდკასტში ისაუბრა. სებ-ის თანახმად, მყისიერი გადახდების სისტემა, ისევე როგორც განახლებული RTGS სისტემა 2026 წლიდან უნდა გაეშვას.

"ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მყისიერი გადახდების სისტემის პლატფორმის შექმნა, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე დავუშვათ ის კერძო სისტემები, რაც არის შექმნილი, კომერციულ ბანკებსაც ექნებათ საშუალება, რომ თავისი შეთავაზება გაუკეთონ და ამ კონკურენციაში დაიბადება ყველაზე კარგი ხარისხიანი და შედარებით ხელმისაწვდომი საგადახდო სივრცე. ეს არის ორი პროექტი, რაზეც თქვენ ბრძანეთ, ერთი არის RTGS, მეორეა IPS ანუ მყისიერი გადახდები.

RTGS-ი 10 წელიწადზე მეტია, რაც დაინერგა ეროვნულ ბანკში და ემსახურება ლარის მსხვილ გადახდებს, ბანკებს, ხაზინას, ბანკთაშორის გადახდებს. ჩვენ გადავწყვიტეთ არამარტო მისი შესაძლებლობების გაზრდა და განახლება, არამედ ორი სიახლე არის მანდ, ერთი სიახლე არის რაზეც თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ უცხოური ვალუტის მოდულების დამატება გვინდა და ისევ აი ეს საბითუმო, ასე ვთქვათ გადახდები, მსხვილი გადახდები, შეიძლება ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოოთ RTGS-ით ოპერაციები, ჩვენი ცენტრალური ბანკის დავაკავშიროთ, ასე ვთქვათ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანალოგიურ სისტემას, რაც მნიშვნელოვანია, თქვენც გაგიმარტივებთ ბანკებს ამ ტრანზაქციებს.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის, რომ არამარტო ბანკები იქნებიან დაერთებულები, არამედ შედარებით ძლიერი საგადახდო სისტემის ოპერატორები და პროვაიდერები, ვინც, რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოებას დაიცავს და ჩვენს კრიტერიუმებს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას და მეორე დიდი პროექტი, ეს არის მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არსებობს, 24/7-ზე,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

არსებული მდგომარეობით, RTGS სისტემა ემსახურება ეროვნული ვალუტის საბანკო ოპერაციებს მხოლოდ სამუშაო დღეებში და მხოლოდ სამუშაო საათებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები