შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის სალაროს ხელმძღვანელი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბანკის კუთვნილი 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში დაახლოებით 800 000 ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
























