მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერატორი BP, შესაძლოა, აღარ იყოს - GOGC-ი პროექტის შეფასებისთვის კონსულტანტებს ქირაობს

მილსადენი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) აცხადებს საერთაშორისო ტენდერს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენისა და მის კუთვნილ შავი ზღვის ნავთობის ტერმინალის მომავლის განსაზღვრას ეხება. ეს პროექტი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული სატრანზიტო არტერიაა, 1996 წლიდან საერთაშორისო კონსორციუმს - BP-ს მფლობელობაში არსებული კომპანია - Azerbaijan International Operating Company აქვს გადაცემული გრძელვადიანი ფინანსური იჯარით, თუმცა შეთანხმების ვადის ამოწურვასთან ერთად, კორპორაცია მომავალი ნაბიჯების დეტალურ შეფასებას გეგმავს.

ამასთან, 2022 წლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდვა შეწყდა, თუმცა, ის ნაწილობრივ აღდგა 2023 წელს, 2024 წელს კი მისმა გამტარობამ 1 მილიონი ტონა შეადგინა.

რა ტიპის მომსახურების შესყიდვას გეგმავს GOGC?

ტენდერის პირობების თანახმად, საკონსულტაციო კომპანიამ ორი ძირითადი ანგარიში უნდა მოამზადოს:

  • პირველი ანგარიში – წარმოადგენს წინასწარ ანალიზს, რომელიც მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტაციის (IGA/HGA/კომერციული ხელშეკრულებები) და რეგიონის სატრანსპორტო გამოწვევების მიმოხილვას, ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში, ხარჯების შემცირების შესაძლებლობებისა და მომავალი ბაზრების პროგნოზს.

  • მეორე ანგარიში – შემოგთავაზებს სტრატეგიულ სცენარებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მომავალი მოლაპარაკებების წარმართვა. მოხდება ამ სცენარების შედარებითი ანალიზი, რისკების შეფასება და საბოლოო სტრატეგიის ჩამოყალიბება, მათ შორის, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას.

რატომ არის ეს ტენდერი მნიშვნელოვანი?

WREP-ის (Western Route Export Pipeline) – იგივე ბაქო-სუფსის – მარშრუტი არის ქვეყნისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

მოთხოვნები საკონსულტაციო კანდიდატების მიმართ

კომპანიებმა უნდა გამოავლინონ მაღალი კომპეტენცია შუა დინების ტარიფების პოლიტიკაში, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებსა და ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში. აუცილებელია რეგიონის სიღრმისეული ცოდნა, აგრეთვე კონკრეტული გუნდის – პროექტის ლიდერისა და მხარდაჭერის სპეციალისტების – წარდგენა.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ კანდიდატებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი რეგიონში მიმდინარე ან წარსული პროექტებიდან გამომდინარე.

ვადები და ფორმალური მოთხოვნები

პოტენციურმა მონაწილეებმა უნდა წარადგინონ თავიანთი წინადადებები 2025 წლის 17 ივნისამდე, ხოლო საკითხების დასმის ბოლო ვადაა 13 ივნისი. გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება კი, სავარაუდოდ, 23 ივნისამდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები