BMG გთავაზობთ ენერგეტიკოს მიხეილ ოდიშარიას ბლოგს. ის მიმოიხილავს საქართველოს ელექტროენერგეტიკის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმებს, შიდა ჰიბრიდულ ბაზარსა და იმპორტიდან შუამავალი კომპანიების ამოღების რეალურ გავლენას. ავტორი განმარტავს, რომ შუამავლების გამორიცხვა მხოლოდ კომერციულ ჯაჭვს ამოკლებს, ხოლო ტექნიკური და ანგარიშსწორების დონეები უცვლელი რჩება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე მოკლევადიან გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესყიდვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის. გარდა ამისა, ბლოგში შედარებულია ევროპული გამოცდილება ქართულ რეალობასთან და წარმოდგენილია ენერგოსექტორის შემდგომი ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივები.
2026 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აღარ განხორციელდება შუამავალი კომპანიების მეშვეობით. აზერბაიჯანიდან იმპორტს უშუალოდ სახელმწიფო მხარე შეისყიდის, ბაქოში 2026 წლის 18 მაისს ხელმოწერილი ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმების ფარგლებში. იგივე პრინციპი სხვა მეზობლებზეც გავრცელდება.
ეს განცხადება შესყიდვას ეხება, თუმცა უფრო საინტერესო კითხვას ბადებს: როგორ მუშაობს რეალურად ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა საქართველოში? ვინ წყვეტს, რა მიმართულებით გადაედინება ენერგია თითოეულ საზღვარზე, რომელი ხელშეკრულებები არეგულირებს ამას და ვინ იხდის, როცა რეალობა გეგმას არ ემთხვევა?
მოკლე პასუხი ასეთია: საქართველოს ელექტროენერგეტიკული საზღვარი ფიზიკურად ინტეგრირებულია, კომერციულად კი ცალკეული, თითოეული საზღვრისთვის განსხვავებული შეთანხმებების ერთობლიობად არის ორგანიზებული. შუამავლის გამორიცხვა ამ ჯაჭვის ერთ რგოლს ამოკლებს, მაგრამ თავად ჯაჭვს არ ცვლის.
შიდა ბაზარი
ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაგება შიდა საბითუმო ბაზრისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია, საქართველოში კი ეს ბაზარი ჯერ კიდევ ჰიბრიდულია.
ორმხრივი ხელშეკრულებები განსაზღვრავს პოზიციებს. მწარმოებლები, მიმწოდებლები, მსხვილი მომხმარებლები და იმპორტიორები თანხმდებიან მოცულობებსა და ფასებზე და მათ არეგისტრირებენ სახელმწიფო ელექტროსისტემასთან (სსე), როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. ხელშეკრულებებით დაუფარავი მოცულობების ანგარიშსწორებას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, ესკო, ახორციელებს.
„საბალანსო ელექტროენერგიის" ანგარიშსწორება თვეში ერთხელ ხდება. რასაც ხელშეკრულებები არ ფარავს, ესკო თვეში ერთხელ, შეწონილი საშუალო ფასით ასწორებს. სახელწოდების მიუხედავად, ეს არ არის რეალურ დროში დაბალანსება, ბაზრის მონაწილეებს კი ჯერ არ აკისრიათ ფინანსური პასუხისმგებლობა საკუთარ საათობრივ უბალანსობაზე.
ორგანიზებული ბაზრები ახალგაზრდაა. დღით ადრე და დღიური ბაზრები 2024 წელს ამოქმედდა, თუმცა მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიის მონაწილეებისთვისაა ღია. მწარმოებლების უმეტესობა, მათ შორის რეგულირებული სადგურები და ის სადგურები, რომლებიც ესკოს გრძელვადიანი ხელშეკრულებით ყიდიან სავალდებულო მიწოდების პერიოდში, ამ ბაზრებზე ვაჭრობას ჯერ ვერ ახერხებენ, ამიტომ ვაჭრობის მოცულობა მცირე რჩება (ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო, 2025).
სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე), როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, სისტემას ფიზიკურად რეალურ დროში აბალანსებს. ამის ხარჯი ესკოს ყოველთვიურ ანგარიშსწორებაში გადადის და არ ეკისრება უბალანსობის გამომწვევს.
რეფორმა მიმდინარეობს. სამიზნე მოდელი შემოიღებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირებს (BRP), რათა თითოეული მონაწილე საკუთარ უბალანსობაზე იყოს პასუხისმგებელი ფინანსურად, ხოლო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისისთვის იგეგმება. მანამდე ესკოს ყოველთვიური ანგარიშსწორება მთელი ბაზრის, და მასთან ერთად ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის, საყრდენად რჩება.
ტრანსსასაზღვრო გაცვლის სამი დონე
ელექტროენერგიის ნებისმიერი ტრანსსასაზღვრო გაცვლა სამ ცალკეულ დონეს მოიცავს. თითოეულზე სხვადასხვა მხარეა პასუხისმგებელი და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. სწორედ ამ დონეების აღრევის გამო ჩნდება გაურკვევლობა იმის შესახებ, ვინ ახორციელებს რეალურად ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში.
- კომერციული დონე: ვინ ყიდის, ვინ ყიდულობს, რა მოცულობით და რა - ფასად. ეს განისაზღვრება იმპორტის ან ექსპორტის ხელშეკრულებით უცხოელ გამყიდველსა და ქართველ მყიდველს შორის.
- ტექნიკური დონე (სისტემის მართვა): შესაძლებელია თუ არა გაცვლა ფიზიკურად და როგორ განხორციელდება. ეს განისაზღვრება პარალელური მუშაობის შეთანხმებით სსე-სა და მეზობელი ქვეყნის სისტემის ოპერატორს შორის.
- ანგარიშსწორების დონე: ვინ იხდის რეალურად გადადინებული ელექტროენერგიის საფასურს, რომელიც შეიძლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოცულობას არ ემთხვეოდეს. საქართველოში ამაზე ესკოა პასუხისმგებელი.
პარალელური ოპერირების ხელშეკრულებები სისტემის ოპერატორებს შორის გაფორმებული ტექნიკური დოკუმენტებია და საჯარო არ არის. ზოგადად, ასეთი შეთანხმებები ადგენს ორი ენერგოსისტემის ერთობლივი მუშაობის წესებს: როგორ თანხმდება გაცვლის საათობრივი გრაფიკები, როგორ რეგულირდება სიხშირე და სიმძლავრის ნაკადები, როგორ აღირიცხება ელექტროენერგია საზღვარზე და როგორ წყდება გადახრებისა და ავარიული დახმარების საკითხები. ეს შეთანხმებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვას არ ითვალისწინებს. სისტემის ოპერატორები აჯამებენ ბაზრის მონაწილეების მიერ შეთანხმებულ მოცულობებს, ამოწმებენ, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მათი შესრულება, და უზრუნველყოფენ განხორციელებას. კომერციული ხელშეკრულებები ამ შეთანხმებებით დადგენილ წესებს უნდა შეესაბამებოდეს.
ვინ წყვეტს, რა გადაედინება
სსე და ესკო გადაწყვეტილებას ერთად, ყოველთვიურად იღებენ. ამოსავალი წერტილი ყოველთვიური ბალანსია: სსე აკეთებს მომდევნო თვის მიწოდებისა და მოთხოვნის პროგნოზს და ითვლის, იქნება თუ არა სისტემაში დეფიციტი ან პროფიციტი. ამ ინფორმაციას ის ესკოს უზიარებს, ესკო კი სსე-სთან კოორდინაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების საფუძველზე წყვეტს, რომელი სადგურები ჩაირთოს და საიდან განხორციელდეს იმპორტი.
შემდეგ ესკო შეისყიდის შერჩეულ იმპორტის მოცულობებს დეფიციტის დასაფარად და ასწორებს მათ საბალანსო ელექტროენერგიის მეშვეობით. ბაზრის წესების მიხედვით, ესკო გაყიდვის შეთავაზებებს ფასის მიხედვით ალაგებს, სსე-ს კი შეუძლია გამორიცხოს ის მოცულობები, რომელთა მიწოდებაც ტექნიკურად შეუძლებელია.
აქედან ორი შედეგი გამომდინარეობს. პირველი, არჩევანს ზღუდავს ის, რისი გატარებაც ქსელს ტექნიკურად შეუძლია: რომელი სისტემათაშორისი ხაზები და რა რეჟიმში მუშაობს, განსაზღვრავს, რომელი წყაროების გამოყენებაა საერთოდ შესაძლებელი. მეორე, ესკოს მხოლოდ იმ ვარიანტების შედარება შეუძლია, რომლებიც მის წინაშეა.
პრაქტიკული მაგალითი: იმპორტი აზერბაიჯანიდან
დავუშვათ, ქართულ კომპანიას სურს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი. რომელი წესები არეგულირებს ამ ვაჭრობას?
პასუხი ინსტრუმენტების იერარქიაა. თითოეული დონე ქვემოთ მდგომი დონის ჩარჩოს ადგენს:
- საერთაშორისო შეთანხმებები. საქართველო 2017 წლიდან ენერგეტიკული გაერთიანების წევრია; რადგან ის პირდაპირ არ არის დაკავშირებული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ ქსელთან, გაწევრიანების ოქმის თანახმად, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ევროპული წესები მასზე მხოლოდ ასეთი კავშირის გაჩენის შემდეგ გავრცელდება. მანამდე ენერგეტიკული გაერთიანების არაწევრ მეზობლებთან ვაჭრობა ეროვნული კომპეტენციის საკითხად რჩება. ამასთან, 2026 წლის მაისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს სამთავრობათაშორისო შეთანხმება ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ, რომელიც პირობებს სახელმწიფოების დონეზე განსაზღვრავს.
- საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (2019). ეს ენერგეტიკის სექტორის მთავარი კანონია. ის ადგენს ელექტროენერგიის ბაზრის პრინციპებს, სსე-ის, ესკოსა და სემეკის როლებს და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საფუძვლებს.
- ბაზრის წესები. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები (2006) არეგულირებს ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაციას, ორმხრივ ხელშეკრულებებს, იმპორტსა და ექსპორტს და ესკოს მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვას. სემეკის ელექტროენერგიის ბაზრის წესები (2020) არეგულირებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებს და მომავალ საბალანსო ბაზარს.
- პარალელური ოპერირების ხელშეკრულება სსე-სა და აზერბაიჯანის სისტემის ოპერატორს შორის. ის განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა ნაკადი ტექნიკურად და როგორ განხორციელდება.
- იმპორტის ხელშეკრულება გამყიდველსა და მყიდველს შორის. ის ადგენს მოცულობას, ფასს, გადახდის პირობებს და რისკების განაწილებას.
იმპორტიორი მხოლოდ ბოლო ეტაპს აკონტროლებს. პრაქტიკაში ის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების შესაბამისად ესკოში ბაზრის მონაწილედ რეგისტრირდება და აზერბაიჯანელ გამყიდველთან ხელშეკრულებას აფორმებს. შემდეგ ესკოს თავის მოცულობებსა და ფასს სთავაზობს და, თუ ესკო სსე-სთან კოორდინაციით ამ წყაროს შეარჩევს, ელექტროენერგიას ესკოს მიჰყიდის. ალტერნატიულად, მას შეუძლია ელექტროენერგია ორმხრივი ხელშეკრულებით დიდ მომხმარებელს მიჰყიდოს. ამის შემდეგ სსე მეზობელი ქვეყნის სისტემის ოპერატორთან გრაფიკს ათანხმებს, ნაკადს ახორციელებს და აღრიცხავს, ესკო კი შედეგის ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს.
სამთავრობათაშორისო შეთანხმება უფლებებსა და ვალდებულებებს ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობს. თუმცა ამის შემდეგაც ელექტროენერგია მხოლოდ ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და სისტემის ოპერატორებს შორის შეთანხმებული ტექნიკური წესების ფარგლებში გადაედინება.
რა იცვლება და რა რჩება უცვლელი
2026 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციულ დონეს ეხება. შუამავლის მეშვეობით შესყიდვის ნაცვლად, ქართული მხარე ელექტროენერგიას უშუალოდ უცხოელი მიმწოდებლისგან, სამთავრობათაშორისო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდის. ეს კომერციულ ჯაჭვს ამოკლებს და ლოგიკური ნაბიჯია იქ, სადაც მიმართულებაზე მიწოდება ერთი სახელმწიფო მიმწოდებლისგან ხორციელდება.
დანარჩენი უცვლელი რჩება: სსე-ის როლი, პარალელური ოპერირების ხელშეკრულებები, ერთმანეთთან დაკავშირებული ენერგოსისტემების ფიზიკური მუშაობა და ესკოს ანგარიშსწორება.
ცვლილების შედეგი მის განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული. ამ მხრივ სამი საკითხია საინტერესო:
- მყიდველი. ოფიციალურ განცხადებებში „სახელმწიფოა" ნახსენები. ყველაზე სავარაუდო მყიდველი ესკოა, ბაზრის წესები კი მას უკვე აძლევს უფლებას, იმპორტის ხელშეკრულებები უცხოელ კონტრაგენტებთან გააფორმოს.
- ფასების შედარება. პირდაპირი შესყიდვა ყველაზე მეტ სარგებელს მოიტანს, თუ ესკოს ყოველთვიურ არჩევანში ის კვლავ შედარდება იმპორტის სხვა მიმართულებებსა და შიდა გენერაციას.
- ბაზარზე წვდომა. აქამდე ბაზრის წესების მიხედვით იმპორტიორად რეგისტრირებულ ბაზრის მონაწილეებს შეეძლოთ მოქმედება. როგორ აისახება ახალი მიდგომა ამ წესებში, ჯერ გამოქვეყნებული არ არის. შეძლებენ თუ არა კერძო იმპორტიორები კვლავ რეგისტრაციას და ვაჭრობას, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.
შეამჩნევენ თუ არა მომხმარებლები?
მოკლევადიან პერსპექტივაში - არა. გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმამ შეიძლება შეამციროს ზეწოლა ტარიფის ენერგიის კომპონენტზე, თუმცა ეფექტი მცირეა.
ტარიფები წინასწარ დგინდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - სემეკი (GNERC) - მიწოდების ტარიფებს წინასწარ (ex ante) ადგენს. პერიოდის განმავლობაში უფრო იაფი იმპორტი ცვლის მიმწოდებლის ფაქტობრივ ხარჯს და არა დამტკიცებულ ფასს.
პერიოდები საქმიანობის მიხედვით განსხვავდება. სემეკი გადაცემისა და განაწილებისთვის ხუთწლიან სარეგულირებო პერიოდებს იყენებს, მიწოდებისთვის კი - ერთწლიანს (GNERC, 2024). იმპორტის ხარჯი მიწოდების ტარიფშია, ამიტომ მოკლევადიანი პერიოდი მიწოდების ტარიფის შესახებ მომდევნო გადაწყვეტილებით სრულდება.
პირველი ეფექტი ესკოს ფასზეა. იმპორტი ესკოს საბალანსო ელექტროენერგიის შეწონილ ფასში აისახება, ამიტომ ნებისმიერ დანაზოგს პირველად ესკოსგან ნარჩენი ენერგიის მყიდველები იგრძნობენ, ძირითადად ზამთარში, როცა იმპორტი შემოდის.
მასშტაბი მოკრძალებულია. მთავრობა დანაზოგს წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარად აფასებს. ქვეყნის მთლიან მოხმარებაზე გადანაწილებით ეს კილოვატსაათზე თეთრის მცირე ნაწილია, მაშინ როცა საყოფაცხოვრებო ტარიფები 20-დან 28.5 თეთრამდეა.
შესაბამისად, მთავარი სარგებელი უფრო მოკლე და გამჭვირვალე შესყიდვის ჯაჭვია და არა - გადასახადების შემცირება. პირდაპირი შესყიდვის ფასის გამოქვეყნება ამ სარგებელს ხილულს გახდის.
ღრმა პრობლემა: ერთი სისტემა, ბევრი ხელშეკრულება
საქართველო და მისი მეზობლები გეგმავენ, რეზერვებს შეისყიდიან და ტრანსსასაზღვრო სარგებლობას აფასებენ ისე, თითქოს თითოეული ენერგოსისტემა დამოუკიდებლად არსებობდეს. სინამდვილეში სინქრონულად დაკავშირებული სისტემები, მათ ფიზიკურად ერთ სისტემად აქცევს. ევროპა იგივე შეუსაბამობის წინაშე 1990-იან წლებში იდგა.
რა ისწავლა ევროპამ ფლორენციაში
ლიბერალიზაციამდე ევროპის ქსელები უკვე სინქრონულად იყო დაკავშირებული, თუმცა ვაჭრობა ეროვნულ მონოპოლიებს შორის გრძელვადიანი ორმხრივი ხელშეკრულებებით მიმდინარეობდა, ტრანზიტზე კი შეთანხმება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხდებოდა. როცა პირველმა ელექტროენერგიის დირექტივამ (96/92/EC) ბაზრები გახსნა, ნაკლოვანებები გადამწყვეტი გახდა:
ტარიფების დაგროვება (pancaking). რამდენიმე ქვეყანაზე გამავალი გარიგება თითოეული ქვეყნის ქსელის საფასურს რიგრიგობით იხდიდა, ამიტომ მისი ღირებულება დამოკიდებული იყო „პოლიტიკური საზღვრების ფორმაზე" და არა ფიზიკურ ნაკადებზე (Pérez-Arriaga, დაახლ. 2002).
გარიგებაზე დამოკიდებულება. საფასური იცვლებოდა იმის მიხედვით, ვინ ვისთან ვაჭრობდა, და არა იმის მიხედვით, სად შედიოდა და სად გამოდიოდა ენერგია ქსელიდან.
სახელშეკრულებო მარშრუტი ფიზიკის წინაშე (contract path). ენერგია ყველა პარალელურ გზაზე მიედინება და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მარშრუტზე, ამიტომ ორმხრივი ტრანზიტის საფასური არასწორ მხარეს არასწორი სარგებლობისთვის ახდევინებდა.
ევროკომისიამ ამ პრობლემის გადასაჭრელად ფლორენციის მარეგულირებელი ფორუმი (Florence Regulatory Forum) მოიწვია. 2002 წლის თებერვალში ფორუმი სამ პრინციპზე შეთანხმდა: არანაირი გარიგებაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო ტარიფი; სისტემის ოპერატორებს შორის კომპენსაციის მექანიზმი ერთმანეთის ნაკადების გატარებისთვის (inter-TSO compensation); და ფასები, რომლებიც მიახლოებულია იმასთან, რაც იქნებოდა, „რეგიონი ერთი ქვეყანა რომ ყოფილიყო". ეს ცნობილი გახდა, როგორც ერთიანი სისტემის პარადიგმა (single system paradigm). რეგულაციამ (EC) 1228/2003 ის კანონად აქცია, მოგვიანებით კი მასზე ბაზრების დაწყვილება (market coupling) აშენდა.
მსგავსი მახასიათებლები საქართველოში
- ტრანზიტის ცალკე მეთოდოლოგია არ არსებობს. საჯარო დოკუმენტების მიხედვით, ტრანსსასაზღვრო ტრანზიტისთვის ცალკე, გამოქვეყნებული ტარიფი ან სისტემის ოპერატორებს შორის კომპენსაციის მექანიზმი არ არსებობს. ტრანზიტული ნაკადები გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ზოგად საფასურს ექვემდებარება.
- დაუგეგმავი ნაკადები ბაზრის მიღმა რეგულირდება. სინქრონულ საზღვრებზე ენერგია სისტემებს შორის მაშინაც გადაედინება, როცა გაცვლა დაგეგმილი არ არის. ეს ნაკადები სისტემის ოპერატორებს შორის გაფორმებული, არასაჯარო ხელშეკრულებებით რეგულირდება და არა გამჭვირვალე საბაზრო მექანიზმით.
- წესები თითოეული საზღვრისთვის ცალკე დგინდება. თითოეულ საზღვარს სისტემის ოპერატორებს შორის საკუთარი ხელშეკრულება აქვს.
- რეგიონული ჩარჩო ჯერ არ არსებობს. საქართველოს არცერთი მეზობელი ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე არ არის. გაწევრიანების ოქმის მიხედვით, საქართველო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესებს, მათ შორის რეგიონულ კოორდინაციას, მაშინ გამოიყენებს, როცა ხელშემკვრელ მხარესთან ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ფიზიკურად დაკავშირდება.
საბალანსო ელექტროენერგიის გაზიარება
2026 წლის 1 ოქტომბრიდან უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორი, MAVIR, საბალანსო პლატფორმა PICASSO-ს წევრია. ეს ევროპული პლატფორმა სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის (aFRR) საბალანსო ენერგიის გაცვლას ემსახურება. თითოეული გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ საჭიროებას ფასის მიხედვით დალაგებული შეთავაზებების საერთო სიიდან ფარავს, საპირისპირო უბალანსობები კი ერთმანეთს აბათილებს. პირველ კვირაში უნგრეთში ენერგიის მომატებაზე aFRR ენერგიის საშუალო ფასი სექტემბერთან შედარებით დაახლოებით 37%-ით შემცირდა (ENTSO-E Transparency Platform).
საქართველოს მდგომარეობა განსხვავებულია, თუმცა მისი წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მსგავს შესაძლებლობას იძლევა. როცა ქვეყანაში aFRR ბაზარი ამოქმედდება, ამ მოქნილობას საბაზრო ფასი ექნება და მისი მეზობლებისთვის შეთავაზებაც გახდება შესაძლებელი, ეტაპობრივად და გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის შეთანხმებების ფარგლებში.
გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპულ ბაზრებთან კავშირები საქართველოს დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის. თურქეთი, რომელიც საქართველოს ახალციხის მუდმივი დენის (HVDC) დამაკავშირებლით უკავშირდება, კონტინენტური ევროპის ქსელთან სინქრონულად მუშაობს. დაგეგმილი შავი ზღვის კაბელი საქართველოს უშუალოდ რუმინეთთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, დააკავშირებს. HVDC დამაკავშირებლები მოქნილობის გაცვლის საშუალებას იძლევა იმ სისტემებს შორისაც, რომლებიც სინქრონულად არ მუშაობს. თავსებადი ბაზრის წესების შემთხვევაში, თანამედროვე საბალანსო პლატფორმები ქართულ ჰიდროენერგეტიკას ფართო რეგიონულ ბაზრებზე გასვლაში დაეხმარება და საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესებთანაც დააახლოებს.
წრის შეკვრა
წრე შიდა ბაზრიდან საზღვრამდე და უკან მიდის. ესკო ხელმისაწვდომ შეთავაზებებს ფასის მიხედვით ალაგებს და სსე-სთან კოორდინაციით წყვეტს, რომელი სადგურები და იმპორტის მიმართულებები დააკმაყოფილებს მოთხოვნას. კომერციული ხელშეკრულება ენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. სსე ამ ხელშეკრულებას პარალელური ოპერირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ და აღრიცხულ ნაკადად აქცევს. შემდეგ ესკოს ყოველთვიური ანგარიშსწორება ხარჯებს შიდა ბაზარზე ანაწილებს. 2026 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციულ რგოლს ცვლის.

წყვეტილი ხაზით ნაჩვენები რგოლი ისაა, რასაც გადაწყვეტილება აუქმებს. ყველაფერი, რაც კომერციული დონის ქვემოთაა, უცვლელი რჩება.
საქართველოს მთავარი გამოწვევა სისტემათაშორისი დამაკავშირებლების ნაკლებობა არ არის. მეზობლებთან ფიზიკური ინტეგრაცია უკვე მაღალია, კომერციული და ინსტიტუციური ინტეგრაცია კი ჯერ კიდევ ვითარდება.
მოქმედი წესები შემდგომი პროგრესისთვის საფუძველს უკვე ქმნის. შესაძლო გზა ასეთია:
- სემეკის ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებული საბალანსო ბაზრის ამოქმედება, რათა თითოეული მონაწილე საკუთარ უბალანსობაზე იყოს პასუხისმგებელი, და დროთა განმავლობაში ტრანსსასაზღვრო გადახრების ანგარიშსწორების ამ ბაზართან შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს.
- სინქრონულ მეზობლებთან რეზერვების კოორდინაცია და ეტაპობრივი გადასვლა aFRR ენერგიის საბაზრო გაცვლაზე.
- ენერგეტიკული გაერთიანების ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესებისთვის მზადება, რომლებიც ამოქმედდება, როცა საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ან ხელშემკვრელ მხარესთან ფიზიკურად დაკავშირდება, მაგალითად შავი ზღვის კაბელის მეშვეობით.
დამატებითი საკითხავი
სამართლებრივი ჩარჩო
- ოქმი საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების შესახებ
- საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (2019)
- ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №77 (2006)
- სემეკის დადგენილება №46 „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ (2020)
ბაზარი და იმპლემენტაცია
- ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო (2025), იმპლემენტაციის წლიური ანგარიში, საქართველო
- ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო (2024), იმპლემენტაციის ანგარიში, საქართველო
- ესკო, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
ევროპული გამოცდილება
- Pérez-Arriaga, I. J. (დაახლ. 2002), Cross-border tarification in the internal electricity market of the EU, IIT Comillas
- EUR-Lex, რეგულაცია (EC) №1228/2003-ის მიმოხილვა
- ENTSO-E Transparency Platform, აქტივირებული საბალანსო ენერგიის ფასები და aFRR-ის ტრანსსასაზღვრო ზღვრული ფასები, უნგრეთი (2026 წლის სექტემბერი–ოქტომბერი)
























