მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-სუფსის ოპერირების შესახებ კანონს ვადა 24 აპრილს ეწურება - მთავრობა ვადას ახანგრძლივებს

მილსადენი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. ცვლილების მიზანი სტრატეგიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და აზერბაიჯანულ მხარის კანონმდებლობით განსაზღვრული იდენტური ვადის მითითებაა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა, კანონმდებლობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით, მაშინ როდესაც მილსადენის ოპერირების აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერირების ვადა 2026 წლის 7 ივნისით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ახალი კანონპროექტით მოხდება ვადების გათანაბრება და 8 ივნისამდე გახანგრძლივება.

„მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ“ ხელშეკრულებას (PCOA), რომელიც 1996 წელს გაფორმდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და საერთაშორისო ნავთობკომპანიებს შორის, ვადა 2026 წლის 24 აპრილს ეწურება.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის ხელშეკრულება 2026 წლის 7 ივნისამდეა ძალაში. მილსადენის მთლიანობისა და გარდამავალ პერიოდში მისი ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით, აუცილებელი გახდა ქართული მხარის ვადების კორექტირებაც.

კანონპროექტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2026 წლის 8 ივნისი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ:

  • საერთაშორისო მხარდაჭერა: საკითხზე უკვე მიღწეულია შეთანხმება უცხოურ ნავთობკომპანიებთან და მილსადენის ოპერატორთან.
  • ხარჯები: 2026 წლის 8 ივნისამდე მილსადენის ოპერირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად ნავთობკომპანიები და ოპერატორი დაფარავენ.

ბაქო-სუფსის მილსადენი წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის განშტოებას, რომელიც ექსპლოატაციაში 1999 წლის თებერვალში შევიდა.

მილსადენი უკრაინაში ომის დაწყებამდე ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ატარებდა, თუმცა ომის შემდეგ მისი ოპერირება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი წლიურად 0.8-1 მლნ ტონამდე აღდგა.

ამასთან, როგორც ცნობილია BP მილსადენის ოპერატორის ფუნქციიდან გადის. 2025 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორ ალტერნატივასთან დაკავშირებით, ესენი იყო ოპერატორის ფუნქციის Socar Midstream-ისთვის გადაცემა ან მისი დაბრუნება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის.

"მილსადენების ოპერატორის როლის გადაცემის დასრულება ამჟამად 2026 წლის პირველი ნახევრის ბოლოს არის დაგეგმილი, შესაბამისი შეთანხმებების გათვალისწინებით. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ მოთხოვნებით, რომლებიც არსებულ კონტრაქტებში მილსადენების გამოყენებას და ოპერირებას არეგულირებს. ოპერატორის როლის გადაცემა არ ეხება სანგაჩალის ტერმინალს და BP ოპერატორის სტატუსს BTC და SCP პროექტებში", - აცხადებდნენ BP-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები