თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურალოღლუს განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულება შესაძლებლობას იძლევა, ორ კონტინენტს შორის ტვირთების გადაზიდვა უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში განხორციელდეს, რაც პროექტს "შუა დერეფნის" ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად აქცევს.
ამის შესახებ ურალოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციაში შესვლის ოფიციალურ ცერემონიაზე ისაუბრა.
"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავება დღეს უკვე შესაძლებელია და ძალიან მოხარული ვარ ამ შესაძლებლობით... დღეს აქ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე არა გვაქვს საუბარი. ეს არის თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობის და საერთო ხედვის პირველი ნაბიჯები და ჩვენ ვუყურებთ ამ პირველ ნაბიჯებს. საქართველოს მხარეს დასრულდა ყველანაირი სამუშაო ამ რკინიგზის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის. ამ განვითარებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ შუა დერეფნის ძალიან დიდი როლი აიღო თავის თავზე", - აღნიშნა აბდულქადირ ურალოღლუმ.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტრანსპორტირების უსაფრთხოების ფაქტორს თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში და აღნიშნა, რომ BTK საიმედოობის გარანტიაა.
"კრიზისულ პერიოდებში ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებების არსებობა. და ეს მხოლოდ ალტერნატიული საშუალება არ არის, ეს არის მსოფლიო დონის და მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი. არ არის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებები, მნიშვნელოვანია უსაფრთხო ასეთი დერეფნების აქტიურად მოქმედება და სწორედ მუშაობა. 21-ე საუკუნეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ წარმოების სიძლიერეს, არამედ რამდენად უსაფრთხოდ შეგვიძლია ამ ჩვენი წარმოებული ნაწარმის გადაზიდვა. ამ შუა დერეფნის სწორედ მუშაობა და სწორედ ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება პროექტს უფრო ფართო ჭრილში განიხილავს: "მსოფლიო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას [უბრალო] საშუალებად კი არ უყურებს მხოლოდ, უყურებს, რა დონემდე მნიშვნელოვანია და რა დონემდე უსაფრთხო იქნება ეს ტრანზიტული კორიდორი, დერეფანი, რომელიც დღეს იქნება საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი გადაზიდვის კვანძი".
მისივე თქმით, თურქეთი პარალელურად მუშაობს სხვა სატრანსპორტო ინიციატივებზეც, მათ შორის ჰალკაპინარი-ყარსის ხაზის განვითარებაზე, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს სამხრეთ-ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მარშრუტები.
"ჩვენ გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს, რომ სამხრეთ-ჩრდილოეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნები ამოქმედდეს და ეს იყოს საკვანძო ადგილი. მნიშვნელოვანია ასევე ჰალკაპინარი-ყარსის ამუშავება და ბევრი ასეთი დერეფნის ფუნქციონირება... ორ კონტინენტს შორის უკვე ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელი იქნება 24-საათიან რეჟიმში. ეს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის ნამდვილად დიდ, ძლიერ და კარგ ურთიერთობაზე არის დაფუძნებული", - ამბობს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
(მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით)
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დასრულების შედეგად, დერეფნის გამტარუნარიანობა წელიწადში არსებული 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. პროექტის ფარგლებში, მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180-კილომეტრიან მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა და ახალი სამგზავრო და სატვირთო სადგურები აშენდა.




























