მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედების პირველ წელს 5 მლნ ტონა ტვირთს გაატარებს

636e152488bba
BM.GE
11.11.22 22:35
3156
საქართველოს რკინიგზის დირექტორის დავით ფერაძის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი მაგისტრალის მშენებლობა სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება.

მისივე თქმით, ეს რკინიგზა წელს 0.8-0.9 მილიონ ტონას, ხოლო გახსნის პირველივე წელს 5-6 მილიონ ტონა ტვირთებს გაატარებს.

“ბოლო 4-5 წელია რაც სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ამ მონაკვეთის ექსპლუატაცია. დღესდღეობით ამ ხაზზე ვატარებთ მხოლოდ საკონტეინერო გზავნილებს და მშრალ ტვირთებს. უკვე ავედით დაახლოებით 0.8-0.9 მილიონ ტონაზე და გაშვებისთანავე ველოდებით 5-6 მილიონი ტონის ნაკადს. ამ პროექტს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე და აზერბაიჯანული კომპანია და როგორც გვაქვს ინფორმაცია, წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული ეს პროექტი,”- განაცხადა დავით ფერაძემ.

რაც შეეხება მთლიანად რკინიგზის შედეგებს, 2022 წლის 9 თვეში კომპანიამ 11 მილიონი ტონა ტვირთები გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. 22%-ით არის გაზრდილი კომპანიის შემოსავალიც და ის 507 მილიონ ლარს შეადგენს.

“არაერთი ტვირთი მობრუნდა ჩვენ დერეფანში და ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდა დაფიქსირდა სატვირთო დერეფანში. ბოლო 3 კვარტალში საქართველოს რკინიგზამ თავისი შემოსავლები 22%-ით გაზარდა, ეს დაახლოებით 507 მილიონი ლარია. ასევე უნდა ითქვას, რომ წელს თითოეული კვარტალი დავხურეთ მოგებით, წლის პირველ სამ კვარტალში კომპანიის მოგება 278 მილიონი ლარი იყო. ეს არის ოცდახუთჯერ გაზრდილი წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით. წლის ბოლომდე ველოდებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დამატებას", - განაცხადა დავით ფერაძემ.

რაც შეეხება გადაზიდვებს, საქართველოს რკინიგზა წლის ბოლომდე 14-15 მილიონი ტონის გადაზიდვას პროგნოზირებს.

"ამ რაოდენობის გადაზიდვა ბოლო 10 წელია არ ყოფილა ჩვენ კომპანიაში. ნავთობის გარდა, დაემატა კიდევ ახალი ტვირთები, მაგალითად, შაქრის ნედლეული, რომელიც ევროპიდან აზიის მიმართულებით გადაადგილდება. ასევე გაზრდილია ქიმიკატების ტრანზიტი. რაც შეეხება მარჟიან ტვირთებს, საკონტეინერო ტვირთებზე  აქაც ზრდაა. 
წელს 232%-იანი ზრდაა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გზავნილებზე. ასევე გაზრდილია ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებითაც,” - განაცხადა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები