გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, რომ აუცილებელია, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად დასრულდეს და მისი გამტარუნარიანობა გაიზარდოს.
როგორც COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა BMG-ის განუცხადა, რკინიგზას აქვს პოტენციალი მეტი ტვირთი აითვისოს, თუმცა ამისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო, მათ შორის ახალი ვაგონების დამატება.
“რკინიგზას შეუძლია და აქვს პოტენციალი, ბევრად მეტი ტვირთი აითვისოს. მოდერნიზაციის პროექტის დასრულება სამწუხაროდ, აგვიანებს. გასაგებია, რომ რთული პროექტია, თუმცა უფრო მეტი ძალ-ღონე უნდა გამოვიყენოთ, რომ მალე დავასრულოთ, რათა პოზიციები გავიმყაროთ. რადგან თუ ეს იმ დროს დასრულდება, როცა ყველას პოზიციები გამყარებული იქნება, ჩვენ დაგვრჩება ახალი ინფრასტრუქტურა და არანაირი ტვირთი. პირველი გამოწვევაა გამტარუნარიანობა, ასევე ვაგონების სიმცირე, აუცილებელია პარკის განახლება, მეტი სარკინიგზო ჩიხებია გასაკეთებელი“, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს არსებული სარკინიგზო ხაზის ალტერნატიული - თანამედროვე სტანდარტების ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს და ტვირთბრუნვას. თუმცა, 13 წლის შემდეგაც, ის სრულყოფილად დასრულებული არაა. ბოლო ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სატვირთო მატარებლების მიმოსვლა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში უნდა დაწყებულიყო, ხოლო სამგზავრო მატარებლებისთვის ხაზი 2025 წლის ნოემბერში უნდა გაიხსნას.
ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2%-ით 10.4 მლნ ტონამდე გაიზარდა. თუმცა მხოლოდ მესამე კვარტალში კლება იყო და ამ პერიოდში რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.7%-ით 3.6 მლნ ტონამდე შემცირდა.