თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სწრაფად უნდა დასრულდეს. ამის შესახებ თურქულ მედიის ცნობით, ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კრიტიკული გამოწვევების პერიოდში, ნათელია, რომ ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული პოტენციალის განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია. იმისათვის, რომ ჩვენთვის ამ რკინიგზიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, მისი განახლების სამუშაოები უნდა დასრულდეს სწრაფად“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ცნობისთვის, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო. რა ეტაპზეა სამუშაოები, ამის შესახებ BM.GE განახლებული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.
აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.