დღეს, ბაქოში Entrée-ს მეათე კაფე ბაკიხანოვის პროსპექტზე გაიხსნა. როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, აზერბაიჯანში ქსელის განვითარებისთვის 300 000 ევროს ინვესტიცია განახორციელეს და დამატებით 7 ადამიანი დაასაქმეს.
დღეისათვის ბაქოში, Entrée-ს 147 თანამშრომელი ჰყავს.
Entrée-ს თანადამფუძნებელი ჟან მიშელ შარლი აღნიშნავს, რომ ქსელის გაფართოება მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. არტიზანული საცხობი და კაფეს ქართული ბრენდი აზერბაიჯანის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ აშშ-ში შესვლასაც გეგმავს.
“აქტიურად ვვითარდებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მოთხოვნა დიდია და ჩვენც ძალებს არ ვიშურებთ Entrée-ს ამ ბაზარზე უკეთ წარმოდგენისათვის. ანალოგიურად ვვითარდებით თბილისსა და ლონდონში და პარალელურად, ვათვალიერებთ ნიუ იორკსა და ბოსტონს.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ფორმატი, რომლითაც Entrée ფუნქციონირებს და ასორტიმენტი, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჯანსაღი არჩევანი და კვება Entrée-ს მთავარ პრიორიტეტია, უსაფუარო პური, უგლუტენო, უშაქრო, ვეგან და ვეგეტარიანული მიმართულებები განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს“, - აღნიშნავს ჟან მიშელ შარლი.

ცნობისთვის, რესტორნების ქართულმა ბრენდმა Entrée-მ საერთაშორისო გაფართოება დიდი ბრიტანეთის ბაზრით, 2021 წელს დაიწყო. მას შემდეგ ქსელი საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში ვითარდება. დღეისათვის Entrée 3 ქვეყანაში 30 ფილიალს მართავს: თბილისში - 16, ბაქოში - 10, ხოლო ლონდონში 4 ობიექტითა არის წარმოდგენილი.




























